skip to content
ახალი ამბები

რუსმა და ამერიკელმა დიპლომატებმა სამხრეთ ოსეთზე იმსჯელეს

 
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა და აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ დენიელ ფრიდმა 3 აგვისტოს სატელეფონო საუბრისას სახრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში დაძაბულობის გამწვავების საკითხი განიხილეს.

”რუსულმა მხარე ღრმა შეშფოთება გამოხატა სამხრეთ ოსეთის გარშემო დაძაბულობის ახალი ტალღის აგორების, შეიარაღებული ძალების გაზრდასთან დაკავშირებით ქართული მხარის უკანონო ქმედებების და სამხედრო ფორტიფიკაციების უკონტროლო მშენებლობის გამო,” – იტყობინება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. 

ამავე ინფორმაციით, რუსეთმა იმედი გამოთქვა, რომ ვაშინგტონი კონსტრუქციულ ზეგავლენას მოახდენს ქართულ მხარეზე.

”სახელმწიფო მდივნის მოადგილემ გაიზიარა ის აზრი, რომ საჭიროა არსებული პრობლემები მოგვარდეს მხოლოდ მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით,” – განაცხადა რუსეთის საგარეო უწყებამ.

დანიელ ფრიდის მოადგილე, მეთიუ ბრაიზა ცოტა ხნის წინ მოსკოვს სტუმრობდა. მან რუსეთის საგარეო და თავდაცვის უწყებების წარმომადგენლებთან გამართა შეხვედრები, სადაც ძირითადად აფხაზეთის კონფლიქტის საკითხი იქნა განხილული. 

რუსულ გაზეთ ”კომერსანტთან” ინტერვიუში, რომელიც 4 აგვისტოს გამოქვეყნდა, ბრაიზამ განაცხადა, რომ საჭირო იყო აფხაზეთის თემაზე მოლაპარაკებების განახლება ”ყოველგვარი წინაპირობის გარეშე,” თუმცა იქვე დასძინა, რომ ფორმატი არც თუ ისე მნიშვნელოვანია.

 

მსგავსი/Related

Back to top button