ახალი ამბები

ეუთოს თავმჯდომარე გმობს ცხინვალის რეგიონში მომხდარ სროლებს

საერთაშორისო თანამეგობრობა სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში განვითარებულ მოვლენებს ”მზარდი შეშფოთებით” ადევნებს თვალს და იმედოვნებს, რომ მხარეები ”ყველაფერს გააკეთებენ დაძაბულობის დეესკალაციის მიზნით,” განაცხადა ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე სტაბმა 2 აგვისტოს გაკეთებულ განცხადებაში. 

ექვსი ადამიანი დაიღუპა და სულ ცოტა ოცდაორი დაშავდა სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში 1 აგვისტოს ღამით და 2 აგვისტოს გამთენიისას მომხდარი ბოლო თვეების მანძილზე ყველაზე ინტენსიური სროლების შედეგად.

”ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით დეტალები იმის შესახებ, თუ რა მოხდა, მაგრამ ვიცით, რომ ადამიანთა გარკვეული რაოდენობა დაიღუპა და დაიჭრა,” – განაცხადა სტაბმა. ”მე განვიცდი და ვგმობ ამ უსარგებლო ძალადობას, განსაკუთრებით სამოქალაქო პირების წინააღმდეგ”.

ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ კვლავ მოიწვია მხარეები დიალოგისა და კონსულტაციების გამართვისთვის. 

გასულ თვეს კონფლიქტის მხარეებს ჰელსინკში შეხვედრის გამართვა შესთავაზეს. თუმცა, სამხრეთ ოსურმა მხარემ განაცხადა, რომ მხოლოდ შერეული საკონტროლო კომისიის ფარგლებში შეხვედრაზე დათანხმდებოდა, რასაც თბილისი ეწინააღმდეგება.   

Back to top button