
მმართველი პარტია მოლაპარაკებისკენ მოუწოდებს
ქრისტიან-დემოკრატების მემორანდუმი შესაძლოა კარგი საფუძველი გახდეს მოლაპარაკებების დასაწყებად, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე დებულება მიუღებელია, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ 11 ივნისს.
პრესკონფერენციაზე საუბრისას მან ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ შესაძლოა არ მიიღოს დოკუმენტში წამოყენებული ყველა პირობა, თავად დოკუმენტი წარმოადგენს კარგ საფუძველს დიალოგის დასაწყებად.
”ამ დოკუმენტში არის ბევრი პუნქტი, რომელთან დაკავშირებითაც ჩვენ ვფიქრობთ შესაძლებელია პრინციპული კომპრომისის მიღწევა და შესაძლებელია პრობლემების მოხსნა სწორედ დიალოგის გზით,” – განაცხადა ბაქრაძემ, ”ბუნებრივია, ეს არ შეეხება ყველა პუნქტს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ მომენტში ნაადრევია შინაარსობრივი კომენტარის გაკეთება. ის, რაც მე შემიძლია გითხრათ, რომ მზად ვართ დავიწყოთ დიალოგი როგორც უშუალოდ ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის წარმომადგენლებთან, ასევე ყველა იმ პოლიტიკურ ლიდერთან და ყველა იმ პოლიტიკური ძალის ლიდერთან, რომელიც მიიჩნევს, რომ ამ მემორანდუმის ფარგლებში შესაძლებელია შედგეს დიალოგი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის… არის პუნქტები, რომელთა მიღებაც ჩვენთვის რთული იქნება, თუმცა ზოგიერთი პუნქტის განხორციელება ძალიან დადებითი იქნება”.
მან ასევე განაცხადა, რომ იგი პარლამენტის სხდომის დასრულებისთანავე ელის ოპოზიციურ წარმომადგენლებს მოლაპარაკებებზე. ახალი მოწვევის პარლამენტის მეორე სხდომა, სადაც საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეები იქნებიან არჩეული, 11 ივნისს 16:00 საათზეა დაგეგმილი.
13-პუნქტიან მემორანდუმში დებულებების ერთი ნაწილი შეეხება ოპოზიციისთვის სამართლებრივად გარანტირებული უფლებების მინიჭებას, მათ შორის ვიცე-სპიკერების და საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეების მოადგილეების პოსტების შეთავაზებას. მმართველმა პარტიამ ადრე განაცხადა, რომ მზად არის საპარლამენტო პოსტები შესთავაზოს ოპოზიციონერ დეპუტატებს.
ერთადერთი პოლიტიკოსი, რომელმაც განაცხადა, რომ შეუერთდება მემორანდუმს და ჩაერთვება ხელისუფლებასთან კონსულტაციებში, არის პაატა დავითაია, პარტიის ”ჩვენ თვითონ” ლიდერი, რომელმაც ოპოზიციური კოალიცია არჩევნებიდან ცოტა ხანში დატოვა.
რვა პარტიის ოპოზიციურმა კოალიციამ, რომელიც მტკიცედ იცავს პარლამენტის ბოიკოტირების იდეას განაცხადა, რომ არ აპირებს ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებში მონაწილეობას. გაერთიანებულმა ოპოზიციამ ასევე მოუწოდა სხვა ოპოზიციურ პარტიებს უარი თქვან მანდატებზე.
მამუკა კაციტაძემ ახალი მემარჯვენეებიდან ქრისტიან-დემოკრატებს ”კოლაბორაციონისტები” უწოდა.
ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების წინააღმდეგია ასევე ლეიბორისტული პარტიაც.
ორმა ოპოზიციურმა დეპუტატმა – გია თორთლაძემ და გია ცაგარეიშვილმა, რომელთაც ორი დღის წინ დატოვეს ოპოზიციური კოალიცია განაცხადეს, რომ ისინი ეთანხმებიან მემორანდუმის მოთხოვნებს, თუმცა ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ აპირებენ.