ახალი ამბები

კიწმარიშვილი სააკაშვილი-მედვედევის შეხვედრის კიდევ ერთ შესაძლებლობაზე საუბრობს

საქართველოს ელჩმა რუსეთში ეროსი კიწმარიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების მიხეილ სააკაშვილისა და დიმიტრი მედვედევის შეხვედრას არანაირი შედეგი არ გამოუღია, თუმცა რუსული მხრიდან გამოითქვა სურვილი გაგრძელდეს დიალოგი უმაღლეს დონეზე აფხაზეთის ირგვლივ გართულებულ ვითარებაზე.

”პრეზიდენტ მედვედევის მხრიდან გამოითქვა სურვილი, რომ ბევრი თემა, მათ შორის ეს თემაც განხილულ იქნეს უფრო ხანგრძლივ და უფრო სერიოზულ მომზადებულ ფორმატში იმიტომ, რომ ნახევარსაათიანი ფორმატი არ იძლევა ამ საკითხების – მისი მხრიდან იყო დაფიქსირებული – ამ საკითხების გადაწყვეტის შესაძლებლობას,”- განუცხადა სანკტ-პეტერბურგში მყოფმა კიწმარიშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელს.

თავის რუს კოლეგასთან შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, პრეზიდენტმა სააკაშვილმა რუსეთთან დაძაბულობის განმუხტვის მისაღწევად სამი ძირითადი პირობა დაასახელა:  უკანონოდ განლაგებული რუსული სამხედრო ნაწილების გაყვანა აფხაზეთიდან; სამხედრო ინფრასტრუქტურის მშენებლობის დაუყონებლივ შეწყვეტა; რუსეთის პრეზიდენტის 16 აპრილის განკარგულების განხორციელების დაუყონებლივ შეწყვეტა.

”ჩვენი პოზიცია არის, რომ ჩვენ ჯერ-ჯერობით არანაირი შედეგი არ გვაქვს,”- განაცხადა ეროსი კიწმარიშვილმა, ”ჩვენი პოზიცია არის, რომ უკმაყოფილო ვართ იმით, რაც ამ წუთში ხდება აფხაზეთში და საჭიროა უფრო აქტიური და ენერგიული ნაბიჯების გადადგმა რუსეთის მხრიდან”.

იმავდროულად, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა ანატოლი სერდიუკოვმა განაცხადა, რომ არ აპირებს რუსული სარკინიგზო ძალების დაუყოვნებლივ  გაყვანას აფხაზეთიდან.

”ისინი გამოვლენ როგორც კი დაასრულებენ სამუშაოს. ამას 2 თვეზე მეტი არ უნდა დასჭირდეს,”- განაცხადა მან.

რუსეთმა სარკინგზო ძალები აფხაზეთში თბილისთან შეუთანხმებლად მაისის ბოლოს გაგზავნა და განაცხადა, რომ ეს ღონისძიება ჰუმანიტარულ მიზნებს ემსახურება და არაფერი აქვს საერთო სამხედრო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციასთან, როგორც ამას თბილისი აცხადებს.

Back to top button