
ოპოზიცია კვირას აქციისკენ მოუწოდებს
რვა პარტიის ოპოზიციურმა კოალიციამ მხარდამჭერებს 8 ივნისს 22:00 საათზე პარლამენტის წინ შეკრებისკენ მოუწოდა.
”ჩვენ ვგეგმავთ მშვიდობიან საპროტესტო აქციას იმ დროს, როდესაც ეს უკანონო პარლამენტი და უკანონოდ არჩეული დეპუტატები პირველი სხდომის მოწვევას გეგმავენ,” – განაცხადა ახალი მემარჯვენეების ლიდერმა დავით გამყრელიძემ 5 ივნისს.
”ჩვენ ვაპირებთ პარლამენტის წინ გათენებას, რათა მომდევნო დილას პარლამენტის შესასვლელთან დავხვდეთ ამ უკანონო დეპუტატებს,” – დასძინა გამყრელიძემ, თუმცა ოპოზიციის მომავალ გეგმებზე არაფერი უთქვამს.
ამის სანაცვლოდ მან განაცხადა, რომ ოპოზიცია ჯერ კიდევ განიხილავს შემდგომ ნაბიჯებს. მან ასევე არაფერი თქვა ახლადარჩეული დეპუტატების პარლამენტში არშეშვების გეგმებზე, რის გაკეთებითაც ოპოზიცია რამდენიმე დღის წინ იმუქრებოდა.
გამყრელიძის განცხადებას რამდენიმე საათით ადრე წინ უსწრებდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნება. ოპოზიცია აცხადებს, რომ არჩევნები გაყალბდა და ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს.
ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა ოფიციალურად ჯერ არ დანიშნულა. თუმცა, ოპოზიციამ განაცხადა, რომ მათ საპროტესტო აქციის გამართვა იმიტომ დაგეგმეს 8 ივნისს საღამოს, რადგანაც აქვთ ინფორმაცია, რომ პირველი სხდომა 9 ივნისსაა დაინიშნება.
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ახლადარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა უნდა გაიმართოს არჩევნების დღიდან არაუგვიანეს 20 დღის ვადაში – 10 ივნისი ბოლო დღეა. პირველი სხდომა პრეზიდენტმა უნდა მოიწვიოს.