
ტყეშელაშვილი რაისს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ეკა ტყეშელაშვილი დღეს სტოკჰოლმში აშშ-ს სახელმწიფო მდივანს კონდოლიზა რაისს შეხვდა, სადაც ორი ქვეყნის ურთიერთობები და კონფლიქტების მოგვარების საკითხები იქნა განხილული.
”ეს იყო ძალიან კონსტრუქციული და საქმიანი საუბარი, თუ როგორ უნდა განვახორციელოთ ცვლილება [ორმხრივი ურთიერთობების] იმ დინამიკაში, რა დინამიკაშიც დღეს ვიმყოფებით და იგი პოზიტივისკენ წარვმართოთ,”- განუცხადა საზოგადოებრივ მაუწყებელს ეკა ტყეშელაშვილმა.
შეხვედრა სტოკჰოლმში მიმდინარე კონფერენციის ფარგლებში შედგა, რომელზეც საერთაშორისო საზოგადოების მიერ ერაყის განვითარების სფეროში შეტანილი წვლილს მიმოიხილავენ.
”დატვირთული გრაფიკის ფონზე ქალბატონმა რაისმა გამონახა დრო, რომ საკმაოდ ხანგრძლივი შეხვედრა განგვეხორციელებინა დღეს,”- აღნიშნა ტყეშელაშვილმა.
ვიზიტის ფარგლებში იგი 28 მაისს ასევე შეხვდა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრს კარლ ბილდტს.