ახალი ამბები

გაერო რუსეთს ქართული უპილოტო თვითმფრინავის ჩამოგდებაში ამხელს

გამანადგურებელი, რომელმაც 20 აპრილს აფხაზეთის თავზე ქართული უპილოტო თვითფრინავი ჩამოაგდო რუსული იყო, ნათქვამია გაეროს დამკვირვებელთა მისიის მიერ წარმოებული გამოძიების დასკვნაში.

”[ქართული] სარადარო ჩანაწერების საფუძველზე, გაეროს დამკვირვებელთა მისიის შემსწავლელ ჯგუფს შეუძლია დაადასტუროს, რომ გამანადგურებელი MIG-29 Fulcrum ან SU-27 Flanker – სახრეთისკენ უპილოტო თვითმფრინავისკენ და ცეცხლის შეწყვეტის ზოლისკენ შემოფრინდა და უპილოტო თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ უკან, ჩრდილოეთით გაბრუნდა, მაიკოპის/კრასნოდარის მიმართულებით, რუსულ საჰაერო სივრცეში. საწინააღმდეგო მტკიცებულების არარსებობის გამო, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ თვითმფრინავი რუსეთის საჰაერო ძალებს ეკუთვნოდა,” – ნათქვამია გაეროს დამკვირვებელთა მისიის დასკვნაში, რომელიც 26 მაისს გამოქვეყნდა

დასკვნის თანახმად, გაეროს მისიამ შეისწავლა ქართული საჰაერო სარადარო მონაცემები და დაასკვნა, რომ ისინი სარწმუნოა. დასკვნაში ასევე ნათქვამია, რომ ბორტზე დამონტაჟებული კამერით თვითმფრინავის ჩამოგდებამდე გადაღებული ვიდეომასალაც სარწმუნოა. 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ვიდეომასალა დამონტაჟებული იყო.

”ზედმიწევნითი ანალიზის შემდეგ, შემსწავლელმა ჯგუფმა შეაფასა, რომ ვიდეომასალა ჩაწერილი იყო ყველა ზემოხსენებული ადგილების თავზე, ყოველგვარი მანიპულაციების, ამოჭრების ან კოპირების გარეშე,” – ნათქვამია დასკვნაში.

ვიდეომასალაში ჩანს ორკუდიანი გამანადგურებელი. ”შემსწავლელ მისიას შეუძლია დაასკვნას, რომ გამანადგურებლის ორკუდიანი კონფიგურაციისა და ჰაერის შემწოვი მოწყობილობის ადგილმდებარეობის გამო, ვიდეოზე აღბეჭდილი თვითმფრინავი არის ან MIG-29 Fulcrum ან Su-27 Flanker,” – ნათქვამია დასკვნაში. 

დასკვნაში ასევე ნათქვამია, რომ მართალია დადგინდა, რომ თვითმფრინავი თავდასხმის შემდეგ რუსეთის ფედერაციისკენ გაფრინდა, თუმცა გაურკვეველია საიდან აფრინდა ის. ქართული მხარის განცხადებით, რუსულმა თვითმფრინავმა გუდაუთის სამხედრო ბაზიდან აიღო სტარტი.

”ადგილმდებარეობა საიდანაც აფრინდა გამანადგურებელი კვლავ უცნობია,” – ნათქვამია გაეროს მისიის დასკვნაში.

მასში ასევე აღნიშნულია, რომ გამანადგურებელი შესაძლებელია მართლაც აფრინდა გუდაუთის სამხედრო ბაზიდან. ”თუმცა, არსებობს მეორე სცენარიც, რომლის მიხედვითაც გამანადგურებელი დაბალ სიმაღეზე შემოფრინდა, შესაძლოა 2000 მეტრზე დაბლა, რომელიმე სხვა ადგილიდან და შემდეგ მოუმატა სიმაღლეს გუდაუთის მიდამოებში,” – ნათქვამია დასკვნაში.

თუმცა, გაეროს მისია ასევე აღნიშნავს, რომ მას მიაჩნია, რომ საფრენი აპარატის მიერ, იქნება ეს უპილოტო თუ პილოტიანი, წარმოებული სადაზვერვო საქმიანობა წარმოადგენს ”სამხედრო ქმედებას” და ამიტომაც [ცეცხლის შეწყვეტისა და ძალთა დაშორიშორების თაობაზე] მოსკოვის შეთანხმების დარღვევაა.

ქართული მხარე აცხადებს, რომ აფხაზეთის თავზე უპილოტო თვითმფრინავების ფრენა განაპირობა აფხაზური არმიის ფორმირებისა და მისი გადაადგილების დაზვერვის საჭიროებამ.

”რაც არ უნდა ლეგიტიმურად ეჩვენებოდეს ქართულ მხარეს ეს მიზანი, აფხაზური მხარე ამგვარი ტიპის სამხედრო დაზვერის ინტერპრეტირებას მოახდენს როგორც წინაპირობას სამხედრო ოპერაციისაა, განსაკუთრებით მხარეებს შორის დაძაბული ურთიერთობების პერიოდში,” – აცხადებს გაეროს მისია.

პრეზიდენტი სააკაშვილი უკვე მიესალმა გაეროს მისიის დასკვნას 20 აპრილის ინციდენტზე.     

”გაერომ გამოაქვეყნა დასკვნა, რომელშიც პირდაპირ არის რუსეთის ფედერაცია დადანაშაულებული აგრესიის აქტში საქართველოს წინააღმდეგ, დადასტურებულია, რომ რუსულმა თვითმფრინავმა დაბომბა საქართველოს ტერიტორია,” – განაცხადა სააკაშვილმა 26 მაისს. ”ეს არის პირველი ასეთი შემთხვევა, როცა საერთაშორისო ორგანიზაციამ და მითუმეტეს გაერომ ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის, ყოველგვარი ზოგადი ფრაზების გარეშე პირდაპირ დაადო ხელი რუსეთის ფედერაციას ამ ქმედებებში”.

მან ასევე განაცხადა, რომ ”ძალიან რთული და  მძიმე სიტუაციაა”. ”საქართველოს ტერიტორიაზე შემოსულია უცხო ქვეყნის ჯარი, რომელიც ჩვენ არ დაგვიპატიჟებია და რომლის აქ შემოსვლას კატეგორიულად არ ვიღებთ,” – განაცხადა სააკაშვილმა, ”ჩვენ გადავწყვეტთ ყველა პრობლემას, საქართველო გადაწყვეტს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემას მშვიდობიანად”.

 

 

Back to top button