ახალი ამბები

ოპოზიციის მხარდამჭერები რუსთაველის გამზირისკენ გაემართნენ

საპროტესტო აქციის მონაწილეები კოსტავას ქუჩის გავლით რუსთაველის გამზირისკენ მიემართებიან. ფოტო: Civil.Ge

ოპოზიციის ათასობით მხარდამჭერმა, რომელთაც წინ ლიდერები მიუძღვიან, მსვლელობა დაიწყეს რუსთაველის გამზირისკენ, სადაც დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი იმართება. აღლუმს პრეზიდენტი სააკაშვილი იბარებს.

მანიფესტაციის მოწყობის გადაწყვეტილილება ოპოზიციის ლიდერებმა ერთსაათიანი მიტინგის შემდეგ მიიღეს, სადაც განაცხადეს, რომ არ შედიან ”არალეგიტიმურად” არჩეულ პარლამენტში და მოითხოვეს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.

მიტინგზე გამოსვლისას გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერმა ლევან გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომ ოპოზიციის ბრძოლა არის ამერიკის ინტერესების წინააღმდეგ გამოსვლა და არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის შესაცვლელად.

”საქართველო არ არის ადვილად გასათელი ქვეყანა. სულ არ მაინტერესებს რას ფიქრობენ ამერიკელები სულ არ მაინტერესებს რას ფიქრობენ ევროპელები, ჩვენ უნდა ავაშენოთ ქართული ქვეყანა. მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენი ბრძოლა, ქართველი ხალხის, საქართველოს მოქალაქეების ბრძოლა არ არის მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ, ეს არის მსოფლიო გეოპოლიტიკის წინააღმდეგ, ეს არის ამერიკის ინტერესების წინააღმდეგ და ეს არის სხვა ქვეყნების ინტერესების წინააღმდეგ,”- განაცხადა მან, ”ამიტომაც არის ის რთული, ამიტომაც ის არის აღსავსე ბევრი ტყუილით, ამიტომაც ის არის აღსავსე ბევრი ძალადობით”.
 
”დღეს რომ ჩაგვეტარებინა თავისუფალი არჩევნები ჩვენ შევცვლიდით ხელისუფლებას და შეცვლიდით ხელისუფლებით, რომელიც მთლიანად შეცვლიდა ამ რეჟიმს და არა მარტო ამ რეგიონში, მთელს ყოფილ საბჭოთა კავშირში მთელს გეოპოლიტიკას იმიტომ, რომ იქნებოდა თავისუფალი ხალხის მიერ აშენებული ქვეყნის მცდელობა და არა ამერიკის და სხვა ქვეყნების დაკვეთა,”- განაგრძო მან, ”მაგრამ ჩვენი ბრძოლა  – 21-ე საუკუნეში დისიდენტური, პატრიოტული მოძრაობა გაგრძელდება, ჩვენ არ მოვასვენებთ ამ ხელისუფლებას, არ მოვასვენებთ ამერიკელებს, რომლებიც ცრუობენ აქ ყოველდღე, ჩვენ ვიქნებით სულ შეტევაში იმიტომ, რომ გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა და მივაღწიოთ საბოლოო გამარჯვებას”. 

”ძალიან სამწუხაროა ერთი, რამ რომ ჩვენში აღმოჩნდა მოსახლეობის რაღაც ნაწილი, რომელმაც პირადი ინტერესები არჩია სამშობლოს ინტერესებს, მაგრამ სწორედ მაგათთვის, მაგათ დასანახებლად ჩვენ გვჭირდება მაგალითები ისეთი მაგალითები, რომელიც გაერთიანებულმა ოპოზიციამ თავის ოპოზიციურ მეგობრებთან ერთად აჩვენა – ჩვენ უარი გამოვუცხადეთ პარლამენტში მოღვაწეობას,”- განაცხადა მან. 

მიტინგი და მანიფესტაცია ტელეკომპანია ”კავკასიას” პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.

ოპოზიციის რამდენიმე ათასი მხარდამჭერი 26 მაისს დილის 10 საათიდან სპორტის სასახლესთან საპროტესტო აქციის მოსაწყობად შეიკრიბა, სადაც ოპოზიციის ლიდერებმა განაცხადეს, რომ არალეგიტიმურად ცნობენ 21 მაისის არჩევნებს და ახალ პარლამენტს და მოითხოვენ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას.

ამის შესახებ საუბარია მემორანდუმში, რომელსაც გაერთიანებული ოპოზიცია და ლეიბორისტული პარტია აწერენ ხელს, თუმცა იგი ასევე ღიაა სხვა ოპოზიციური ძალებისათვის, მათ შორის ქრისტიან-დემოკრატიული პარტიისათვის, რომელმაც 8%-იანი საარჩევნო ბარიერი გადალახა.

”ოპოზიციური პარტიები არ ვცნობთ ლეგიტიმურად არჩევნებს, მის შედეგად ჩამოყალიბებულ პარლამენტს და უარს ვაცხადებთ ამ პარლამენტში შესვლაზე,”- ნათქვამია მემორანდუმში, ”ამასთან მოვითხოვთ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას, რომელიც უნდა ჩატარდეს შეთანხმებული საარჩევნო კანონის შესაბამისად”.

მემორანდუმში ასევე ნათქვამია, რომ ”საქართველოს მოსახლეობას არ მიეცა საშუალება გაკეთებინა თავისუფალი არჩევანი”,  და ამის წინაპირობა იყო წინასაარჩევნოდ ხელისუფლების მხრიდან ამომრჩეველზე ”ზეწოლა და მასობრივი მოსყიდვა”,  სახელმწიფოს მთელ ადმინისტრაციული რესურსის ”დაუფარავად გამოყენება”, მედიის მონოპოლიზაცია ნაციონალური მოძრაობის სასარგებლოდ, არჩევნების დღეს დაფიქსირებული დარღვევები.

”საარჩევნო ადმინისტრაციის ამოცანა იყო არა სამართლიანი არჩევნების ჩატარება, არამედ ნაციონალური მოძრაობის გამარჯვების უზრუნველყოფა,”- ნათქვამის მემორანდუმში.

”ამ გაყალბებას ქართველი ხალხი არ აპატიებს არავის,”- განაცხადა მიტინგზე გამოსვლისას ლეიბორისტების ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა, ”ამ დეკლარაციით ვიღებთ იმის ვალდებულებას, რომ ჩვენ ამ რეჟიმს დავასრულებთ”.

”ჩვენ არ ვაპირებთ მიხეილ სააკაშვილის და ცანცარა [აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის მეთიუ] ბრაიზას დაგეგმილ სპექტაკლში მონაწილეობას,”- განაცხადა მიტინგზე გამოსვლისას პარტია თავისუფლების ლიდერმა კონსტანტინე გამსახურდიამ.  

 

Back to top button