ახალი ამბები

სააკაშვილი ამომრჩეველს სიმშვიდისკენ მოუწოდებს

პრეზიდენტმა სააკაშვილმა ხმის მიცემის შემდეგ მოუწოდა ამომრჩეველს არჩევანი მშვიდად გაკეთებისაკენ, რადგან ”ორგანიზებული, მშვიდი არჩევნების ჩატარება ეს იქნება ძალიან დიდი გამოცდის ჩაბარება ქართული დემოკრატიის მიერ”.

”ეს იქნება პირდაპირ ვთქვათ სიურპრიზი დანარჩენი საერთაშორისო საზოგადოებისათვის , რომელიც ჩვენ გვიყურებს,”- განაცხადა სააკაშვილმა, ”მე მინდა ყველას ესმოდეს მთელ საქართველოში, რომ ამ არჩევნებს გაფაციცებით შეჰყურებს ძალიან დიდი ნაწილი საერთაშორისო თანამეგობრობის, ის ხალხი, ვინც არიან ჩვენი მეგობრები და ასევე ის ხალხი, ვისაც ჩვენთვის კარგი არ უნდა და ვისაც ჩვენთვის ძალიან, ძალიან ცუდი უნდა”.

”ამიტომ მე მინდა ყველას ვთხოვო, ჩვენ თანამოქალაქეებს გამოიჩინონ უკიდურესი დისციპლინა, სიმშვიდე ვისაც ცუდი უნდა იმათ იმედგასაცრუებლად და რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, ყველა ჩვენი კეთილმოსურნის გულის გასახარებლად,”- აღნიშნა მან.

პრეზიდენტმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ წინასაარჩევნო კამპანია მშვიდად ჩატარდა და ასევე უნდა ჩამთავრდეს კენჭისყრის პროცესიც.

”მე მინდა მოვუწოდო ყველას, რომ მაქსიმალურად ხელი შეუწყოს საერთაშორისო დამკვირვებლებს და საშინაო დამკვირვებლებს, მაქსიმალურად თანამშრომლობის რეჟიმში იმუშაონ, არ დაუშვან არანაირი დარღვევები იმიტომ, რომ ეს არის ჩვენთვის ეროვნული უსაფრთხოების, ღირსების, ჩვენი მომავლის საკითხი,”- განაცხადა მან. 

მან ასევე დარწმუნებით განაცხადა, რომ ყველაფერი იქნება ”ძალიან კარგად” და ”როგორც ყოველთვის იღბალი აღმოჩნდება საქართველოს მხარეზე”.  

ეს განცხადებები მიხეილ სააკაშვილმა საარჩევნო უბანში გააკეთა, სადაც არჩევნებში მონაწილეობისათვის მეუღლესთან ერთად მივიდა. მისი თქმით, სანდრა რულოვსმა პირველად მისცა ქართულ არჩევნებში ხმა მას შემდეგ, რაც მას ნინო ბურჯანაძემ დეკემბერში პრეზიდენტის მოვალეობის შესრულების დროს საქართველო მოქალაქეობა მიანიჭა.

Back to top button