ახალი ამბები

საარჩევნო ცნობარი

21 მაისის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე კანდიდატებს მეექვსე მოწვევის საკანონმდებლო ორგანოს 150 მანდატისთვის მოუწევთ ბრძოლა. 

პარტიებმა და ბლოკებმა 5%-იანი საარჩევნო ბარიერი უნდა გადალახონ პროპორციული სისტემისთვის განკუთვნილი 75 ადგილის დასაკავებლად პარლამენტში.

დანარჩენ 75 მანდატს მაჟორიტარი დეპუტატები მიოპოვებენ, საიდანაც ადგილი თბილისის ერთმანდატიან ოლქებში გამარჯვებულებს ერგებათ.

არჩევნებში სამი საარჩევნო ბლოკი და ცხრა პარტია იღებს მონაწილეობას, სავარაუდოდ, ოთხი ან ხუთი მათგანი გადალახავს 5%-იან ბარიერს.

მაჟორიტარული მანდატები პარტიებს შორის მწვავე ბრძოლის ობიექტი გახდება. 

კანონის თანახმად, ოლქის ამომრჩევლის 30%-მა მაინც უნდა დაუჭიროს კანდიდატს მხარი, რომ მან პირველივე ტურში მოიგოს მაჟორიტარული არჩევნები.

ამ წესის მიხედვით, მმართველი პარტიის მაჟორიტარი კანდიდატები უკეთეს მდგომარეობაში იქნებიან, თუ მათ მოუწევთ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ან ბლოკის რამდენიმე კანდიდატთან დაპირისპირება, რადგანაც ამ შემთხვევაში ოპოზიციისთვის მიცემული ხმები გაიყოფა. 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, სულ 3 465 736 ამომრჩეველია რეგისტრირებული.  არჩევნების დღეს რეგისტრაცია გაუქმებულია.

არჩევნების ადმინისტრირებას ახორციელებს 13-კაციანი ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო), სადაც ექვსს წევრს ნიშნავს ექვსი ოპოზიციური პარტია და ერთს ნაციონალური მოძრაობა. დანარჩენი ექვსი წევრი, თავმჯდომარის ჩათვლით, ფორმალურად უპარტიოები, სერტიფიცირებული საარჩევნო მოხელეები არიან; თუმცა, ფაქტიურად ყველა ისინი მმართველ პარტიასთან ასოცირდებიან. შედეგად, ხელისუფლებას ცესკოში უმრავლესობა ჰყავს – შვიდი წევრი ოპოზიციის ექვსის წინააღმდეგ.

ცესკომ გახსნა 3 556 საუბნო საარჩევნო კომისია და 73 სპეციალური საარჩევნო უბანი – სამხედრო ყაზარმებში/შენაერთებში, წინასწარი დაკავების საკნებში, საავადმყოფოებში და ა.შ. ორი საარჩევნო უბანი გაიხსნა ქართველი სამხედროებისთვის ერაყში.

47 საარჩევნო უბანი იმოქმედებს საქართველოს საელჩოებსა და საკონსულოებში საზღვარგარეთ.

Back to top button