
რუსეთი აფხაზეთში დამატებითი ძალებზე ზოგიერთ დეტალს ავრცელებს
რუსეთმა შესაძლოა მაქსიმუმამდე გაზარდოს რუსული სამშვიდობო კონტიგენტი აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში, თუ საქართველო განაგრძობს სამხედრო მობილიზებას, აცხადებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო 8 მაისს.
უწყება ასევე განმარტავს, რომ რუსული კონტიგენტი აფხაზეთში 545 სამხედრო მოსამსახურით გაზარდა და შედეგად, დღეს აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში 2542 რუსი სამშვიდობო იმყოფება. 1994 წლის შეთანხმების მიხედვით, სამშვიდობოთა რაოდენობა 2500-3000 მოსამსახურეს არ უნდა აღემატებოდეს.
”საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების შემდგომმა ნაბიჯებმა, რომლებიც მიმართული იქნება კონფლიქტის ზონაში ჯარების დაჯგუფების გაზრდისკენ, შესაძლოა მხოლოდ გამოიწვიონ იძულებითი და ადეკვატური ქმედებები რუსეთის მხრიდან სამშვიდობო კონტინგენტის მაქსიმალურად განსაზღვრულ ოდენობამდე გაზრდის თაობაზე,” – აცხადებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო.
”ყველაფერი ეს კეთდება ერთი რამისთვის – მშვიდობის შენარჩუნებისთვის, სისხლისღვრის არ დასაშვებად,”- განმარტავს სამინისტრო, ”[რუსეთი] არ დაუშვებს რეგიონში სიტუაციის დესტაბილიზაციას”.
თბილისმა, ისევე როგორც დასავლეთის წამყვანმა სტრუქტურებმა, გააპროტესტეს რუსეთის ცალმხრივი გადაწყვეტილება აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში სამშვიდობო კონტიგენტის გაზრდის თაობაზე.
”დღეს რუსი სამშვიდობოები აგრძელებენ თავიანთი ამოცანების შესრულებას მოქმედებენ რა დსთ-ს კოლექტიური ძალების მანდატის და საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად,”- აცხადებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, ”მათ დაამტკიცეს კონფლიქტის ზონაში ყოფნის საჭიროება. ამის ნათელი დადასტურებაა – გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ 2008 წლის აპრილში მათი მანდატის გაგრძელება”.
გაეროს უშიშროების საბჭომ 15 აპრილს მანდატი 6 თვით გაეროს დამკვირვებელთა მისიას გაუგრძელა და რეზოლუციაში ასევე აღნიშნა რუსი სამშვიდობოების მასტაბილიზირებელი როლი აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში. რაც შეეხება დსთ-ს ეგიდით მოქმედი სამშვიდობო კონტიგენტის კონფლიქტის ზონაში ყოფნის ვადას, ეს განისაზღვრება საქართველოსა და რუსეთის სახელმწიფო მეთაურების შეთანხმების საფუძველზე და მათი მანდატი მოქმედებს მანამ, სანამ რომელიმე მხარე არ მოითხოვს მათ გაყვანას კონფლიქტის ზონიდან.
იმავდროულად, რუსეთის თავდაცვის უწყება აცხადებს, რომ სამშვიდობოთა რაოდენობის გაზრდის შემდეგ მათი რიცხოვნობის, განთავსების ადგილების და ამოცანების შესახებ საქმის კურსში ჩააყენა გაეროს დამკვირვებელთა მისიის ხელმძღვანელობა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ასევე აცხადებს, რომ კონფლიქტის ზონაში შეყვანილი დამატებითი კონტიგენტი ძირითადად ტყვარჩელის რაიონის სამშვიდობო პოსტების გაძლიერების ამოცანას ემსახურება. ამავე ცნობით, სამშვიდობოები უკვე შეუდგნენ საქართველოსა და აფხაზეთს შორის ადმინისტრაციული საზღვრისა და კოდორის ქედის მიმდებარე ტერიტორიაზე პატრულირებას.
აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში შეყვანილი დამატებითი რუსული ძალები ოჩამჩირის რაიონის სოფლებში აქამარასა და არასაძიხში დაბანაკდნენ, იტყობინებოდნენ 7 მაისს რუსული საინფორმაციო სააგენტოები.
”რია ნოვოსტი” აცხადებდა, რომ აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში სამშვიდობო მისიის გასაძლიერებლად შეყვანილი რუსული ძალები ამ სოფლებში ”საბაზო ბანაკებს” ქმნიან.
სოფელი არასაძიხი ოჩამჩირიდან ჩრდილოეთით მდებარეობს, ხოლო კოდორის ქედი სოფელს ჩრდილოეთით ესაზღვრება; ამ ქედის მიღმაა საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორია, მათ შორის კოდორის ხეობა.
რუსული საინფორმაციო სააგენტოები და ინტერნეტ გამოშვებები იტყობინებოდნენ 6 მაისს, რომ აფხაზეთში შეყვანილ ძალებს შორის არის 400 მედესანტე.
ამავე ინფორმაციის თანახმად, მათ შეიარაღებაში შედის 30 BMD-2; საარტილერიო იარაღი და ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა, მათ შორის ZSU-23-2.