ახალი ამბები

სააკაშვილი მოსკოვს სეპარატისტულ რეგიონებზე გადაწყვეტილების გადახედვისკენ მოუწოდებს

პრეზიდენტი სააკაშვილი აცხადებს, რომ აღშფოთებულია რუსეთის ნაბიჯის პროვოკაციულობით ოფიციალური ურთიერთობები დაამყაროს სეპარატისტულ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან და მოითხოვს ამ გადაწყვეტილების ”გადახედვას”.


იმავდროულად, პრეზიდენტი აცხადებს, რომ კმაყოფილია ”პირველად ისტორიაში” რუსეთის ამ ქმედებაზე ევროკავშირის, ნატოს და ტრადიციული პარტნიორების მკვეთრი რეაქციებით. 


”მე ვფიქრობ, ეს რეაქცია იყო საკმაოდ მოულოდნელი რუსეთისთვისაც,”- განაცხადა სააკაშვილმა, ”რუსეთი შეეჩვია, რომ რაც არ უნდა განახორციელოს, ბევრი საერთაშორისო თანამეგობრობაში ამას ყლაპავს.   მე ვფიქრობ, გუშინ დაიწყო სერიოზული გადახედვა და შემობრუნება ამ პოლიტიკის. ამიტომ ჩვენ უნდა აღვიჭურვოთ მოთმინებით, გამძლეობით, მაგრამ ასევე ვიყოთ ძალიან გამბედავები”. 


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, რუსეთის საგარეო უწყების 16 აპრილის ცნობით, დაავალა რუსეთის მთავრობას ოფიციალური ურთიერთობები დაამყარონ თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის შესაბამის ორგანოებთან, ამ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის, ”მათ შორის იქ მცხოვრები რუსეთის მოქალაქეების” ინტერესებზე ზრუნვის მოტივით. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი ”არ ნიშნავს, რომ რუსეთი არჩევანს საქართველოსთან კონფრონტაციის სასარგებლოდ აკეთებს”.


17 აპრილს მთავრობის სხდომაზე საუბრისას, რომელიც ქართული ტელევიზიებით პირდაპირ ეთერში გადაიცა, სააკაშვილმა განაცხადა: ”ველით რუსეთის ფედერაციიდან და მოვითხოვთ ყველა იმ გადაწყვეტილების გადახედვას, რომელიც არღვევს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიული მთლიანობას”.


მან ასევე მოუწოდა საერთაშორისო პარტნიორებს განცხადებებთან ერთად განახორციელონ სერიოზული დიპლომატიური ქმედებები რუსეთის გადაწყვეტილების წინააღმდეგ.  ”ჩვენ იმედს გამოვთქვამთ და ველით ამ ქმედებების განხორციელებას ამ უახლოეს დღეებში, უახლოეს კვირეებში,”- დასძინა მან.


”მე ვფიქრობ, პირველ რიგში, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ნატოს გენერალური მდივნის [იააპ დე ჰოოპ სხეფერის] განცხადება იმიტომ, რომ ასეთი მკაფიო დაფიქსირება იმისა, რომ ეს იყო რუსეთის პროვოკაციული ნაბიჯი, იყო საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევა, რომ ნატო და საერთაშორისო თანამეგობრობა მოითხოვენ არა მარტო ამ ნაბიჯის დარბილებას, არამედ შეცვლას და გადახედვას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ისევე, როგორც ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირის მხარდაჭერა, აბსოლუტურად მკაფიო მხარდაჭერა საქართველოს სამშვიდობო გეგმის და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და ჩვენი საზღვრების ურღვეობის,”- განაცხადა სააკაშვილმა.


”მე მინდა ყველას კარგად ესმოდეს: ვერანაირი მექანიზმებით, ვერაფერი ვერ შეაჩერებს საქართველოს სვლას გახდეს დემოკრატიული, წარმატებული სახელმწიფო და გახდეს ერთიანი ქვეყანა. ვერაფერი ვერ შეაჩერებს ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი განვითარების პროცესს,”- განაცხადა პრეზიდენტმა.


მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ძალისხმევა და ყველა მისი ქმედება მიმართული იქნება და გაგრძელდება საქართველოს მშვიდობიანი გაერთიანებისკენ და საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის მობილიზაციისკენ.


პრეზიდენტმა მთავრობის სხდომაზე საუბრისას ასევე დაავალა ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, ვიცე-პრემიერ გია ბარამიძეს გაემგზავროს ვიზიტით გერმანიაში, საფრანგეთში და ”შეიძლება სხვა ქვეყნებში”, ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ბაქრაძეს უახლოეს დღეებში ეწვიოს ამერიკის შეერთებულ შტატებს ამ საკითხზე კონსულტაციისთვის.


”ჩვენ მზადა ვართ კონსულტაციები გავწიოთ რუსეთის ფედერაციასთან და ჩვენ მზადა ვართ გავაგრძელოთ მუშაობა ყველა მხარესთან სამშვიდობო გეგმებთან დაკავშირებით. ეს უნდა ყველას ნათლად ესმოდეს,”- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


იმავდროულად, დავით ბაქრაძემ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა იმ იმ ყველა დიპლომატიურ  ღონისძიებების შესახებ, რასაც ქართული მხარე მიმართავს რუსეთის გადაწყვეტილებაზე შესაბამისი საერთაშორისო რეაქციის უზრუნველსაყოფად. 


მისი თქმით, თბილისმა მოითხოვა გაეროს უშიშროების საბჭოს სპეციალური სხდომის გამართვა ამ საკითხზე, რაზეც ”არის მხარდაჭერა ჩვენი პარტნიორების მხრიდან”. ქართული დიპლომატია ასევე ითხოვს ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომის მოწვევას და ნატო+1 (საქართველო) ფორმატში საგანგებო შეხვედრის გამართვას.


”ჩვენ ასევე მოვითხოვეთ, რომ ნატო-რუსეთის საბჭოზე, რომელიც აპრილის ბოლოს ჩატარდება, ეს საკითხი იყოს განხილული და დასმული,”- განაცხადა ბაქრაძემ, ”გარდა ამისა, ვმუშაობთ ორმხრივ საფუძველზე ყველა ჩვენს პარტნიორ ქვეყანასთან, რათა მათი მხრიდან იყოს შესაბამისი რეაქცია”.

Back to top button