ახალი ამბები

ცხინვალმა სოხუმში ”საელჩო” გახსნა

თვითგამოცხადებულმა სამხრეთ ოსეთმა აფხაზეთის არაღიარებულ რესპუბლიკაში საელჩო გახსნა, ელჩად კი რობერტ კოკოევი დანიშნა, იუწყება ”აფსნიპრესი” 15 აპრილს.


დღეს სოხუმში დიპლომატიური წარმომადგენლობის გახსნის ცერემონიას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ლიდერები სერგეი ბაღაფში და ედუარდ კოკოითი დაესწრნენ.


”ჩვენ საერთო ამოცანა გვაქვს – მივაღწიოთ ჩვენი რესპუბლიკების აღიარებას. ჩვენ შევდექით, როგორც სახელმწიფოები,”- განაცხადა კოკოითმა.


კოკოითის სოხუმში სტუმრობის ფარგლებში ხელი მოეწერა ორი თვითგამოცხადებული რეგიონის საბაჟო უწყებებსა და სავაჭრო-სამრეწველო პალატებს შორის თანამშრომლობის დოკუმენტებს.


”დღეს ხელმოწერილი შეთანხმებები არ არის PR-აქცია, არამედ მიმართულია ურთიერთხელსაყრელი ურთიერთობების გამყარებისაკენ,”-  განაცხადა კოკოითმა აფხაზ კოლეგასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე საუბრისას,  ”აფხაზეთი დინამიურად ვითარდება და სამხრეთ ოსეთი დაინტერესებულია მასთან ეკონომიკური თანამშრომლობით”.


პრესკონფერენციაზე საუბრისას სერგეი ბაღაფშმა ხაზი გაუსვა ცხინვალთან ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების და ასევე აფხაზური და სამხრეთ ოსური კანონმდებლობის ერთმანეთთან და რუსეთის სამართლებრივ სივრცესთან ჰარმონიზაციის მნიშვნელობას.

Back to top button