
ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 473 190-ს შეადგენს – ცესკო
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) ამომრჩეველთა ერთიანი სიების გადამოწმების პირველი ეტაპი დაასრულა, რომლის მიხედვით 1 თებერვლის მონაცემებით ამომრჩეველთა საერთო რაოდენობამ 3 473 190 შეადგინა.
სიების სრულყოფის მიზნით ცესკო-მ მოახდინა 5 იანვარს საპრეზიდენტო არჩევნების დროს გამოყენებული დამატებითი სიების ჩამატება საერთო სიებში.
სიებს, გადასინჯვის შედეგად, 66 713 ახალი მონაცემი დაემატა, აქედან 21 647 დამატებითი სიებიდან და 45 066 სამოქალაქო რეესტრის მონაცემებიდან. სიიდან ამოღებულია 17 900 გარდაცვლილი მოქალაქის მონაცემი. მოხდა 235 620 გვარის, სახელის, დაბადების თარიღის და მისამართის შესწორება.
ცესკო-ს თავმჯდომარის ლევან თარხნიშვილის ინფორმაციით, 15 აპრილს ამომრჩეველთა სიების მონაცემთა ბაზის ელექტრონული ვერსია ყველა დაინტერესებულ ორგანიზაციას და პოლიტიკურ პარტიას გადაეცემა. მათ 11 მაისამდე მიეცემათ საშუალება შეამოწმონ სიები და შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში ცესკო-ს ინფორმაცია მიაწოდონ.
ასევე ყველა ამომრჩეველს შეეძლება საკუთარი თავის მოძიება ცესკო-ს ვებ-გვერდზე განთავსებულ საერთო სიაში, ასევე ცხელი ხაზის და მოკლე ტექსტური შეტყობინების საშუალებით.