
სააკაშვილი მინისტრებს აფხაზეთის სამშვიდობო გეგმაზე მუშაობას ავალებს
საქართველოს მთავრობასთან არსებული სამუშაო ჯგუფები დეტალურ სამშვიდობო გეგმას შეიმუშავებენ აფხაზეთთან მიმართებაში, რომელიც პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ მარტში გახმოვანებულ ინიციატივებს დაეფუძნება.
პრეზიდენტი სააკაშვილი 12 აპრილს საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ბაქრაძეს, ეკონომიკის მინისტრს ეკატერინე შარაშიძეს, იუსტიციის მინისტრს ნიკა გვარამიას, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს თემურ იაკობაშვილს და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს ალექსანდრე ლომაიას შეხვდა და ეს საკითხი განიხილა.
28 მარტს სააკაშვილმა რამდენიმე ინიციატივა გაახმოვანა, მათ შორის ერთობლივი თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნა, აფხაზეთის წარმომადგენლობა ცენტრალურ ხელისუფლებაში და აფხაზური მხარისთვის ვიცე-პრეზიდენტის პოსტის შეთავაზება, რომელსაც აფხაზეთთან დაკავშირებულ საკითხებზე ვეტოს დადების უფლება ექნება.
მან დაავალა იუსტიციის მინისტრს ქართული მხარის წინადადებების იურიდიული ასპექტები რამდენიმე კვირაში მოამზადოს.
”ჩვენ აფხაზურ მხარეს ცენტრალურ მთავრობაში ვიცე-პრეზიდენტის კონსტიტუციურად გარანტირებული პოსტი, ხოლო ცენტრალურ საკანონმდებლო ორგანოში – გარანტირებული წარმომადგენლობა შევთავაზეთ,” – განაცხადა სააკაშვილმა მინისტრებთან შეხვედრაზე, რომელიც ტელევიზიით გადაიცა, ”ასევე ვეტოს უფლება, მათ სამართლებრივ სტატუსსა და მათთვის სასიცოცხლო საკითხებზე, ასევე გარანტიები, როგორც ავტონომიის საშინაო, ისე საერთაშორისო საკითხებზეც”.
სააკაშვილმა დაავალა ეკონომიკის მინისტრს ეკატერინე შარაშიძეს ”კონკრეტული წინადადებები” მოამზადოს გალში და ოჩამჩირეში ერთობლივი ქართულ-აფხაზური ეკონომიკური ზონის შექმნასთან დაკავშირებით.
პრეზიდენტმა უთხრა საგარეო საქმეთა მინისტრს: ”ჩვენს საერთაშორისო მეგობრებთან და სხვადასხვა პარტნიორებთან გვჭირდება აფხაზეთის ავტონომიის საერთაშორისო გარანტიების მექანიზმების შემუშავების შესახებ მოლაპარაკების წარმოება”.
ამ კონტექესტში მან ასევე განაცხადა: ”მე მივესალმები იმას, რომ გაერომ თავის დროზე დაიწყო ლაპარაკი მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციის სტატუსის გადახედვაზე. ამ ბოლო შეხვედრების შემდეგ [გაეროში], ჩვენ მოველით, რომ გაერო ჩვენთან ერთად იმუშავებს ამ სტატუსის გადახედვაზე”.
სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ მისი სურვილია, რომ რუსეთმა კონსტრუქციული როლი ითამაშოს სამშვიდობო პროცესში.
”ჩვენ სერიოზულად, რადიკალურად ვართ განწყობილი იმისათვის, რომ სამშვიდობო პროცესი დაიძრას. რუსეთის ზოგიერთი თანამდებობის პირის მიერ სიტუაციის ხელოვნურად დაძაბვისა და სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის იარაღით მომარაგების ნაცვლად, იმედს გამოვთქვამ, რომ რუსეთის ფედერაცია სამშვიდობო პროცესის ერთ-ერთი კონსტრუქციული მონაწილე გახდება,” – განაცხადა სააკაშვილმა.
შეხვედრის შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ბაქრაძემ განუცხადა ჟურნალისტებს, რომ საქართველოს ხელისუფლება მზადაა ამ ინიციატივის განსახორციელებლად. ”ეს არ არის ერთჯერადი ინიციატივა,” – განაცხადა მან. მას სავარაუდოდ მხედველობაში ჰქონდა აფხაზური მხარის რეაქცია ამ ინიციატივაზე, როდესაც აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა 29 მარტს განაცხადა, რომ ეს იყო თბილისის PR-აქცია ნატოს ბუქარესტის სამიტის წინ.
ბაქრაძემ ასევე განაცხადა, რომ ეს ინიციატივა არის ახალი შანსი მოლაპარაკებების დასაწყებად და კონფლიქტის მოგვარების პროცესის წინ წასაწევად.
მინისტრებთან შეხვედრაზე სააკაშვილმა ასევე ისაუბრა სამხრეთ ოსეთის შესახებ და დაავალა ეკონომიკის მინისტრს შეიმუშავოს გეგმა, ასევე გამოყოს სახსრები მოსავლის შესასყიდად ”ყველა ტერიტორიებიდან და იმ ტერიტორიებიდანაც, რომელსაც ჩვენ ბოლომდე ვერ ვაკონტროლებთ”.
სააკაშვილი ასევე გამოვიდა ინიციატივით შეირჩეს ათი სტუდენტი ცხინვალიდან და დაფინანსდეს მათი სწავლა საზღვარგარეთ საპრეზიდენტო პროგრამის ფარგლებში.