
ლავროვი ნატოს გაფართოების წინააღმდეგ საუბრობს
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ არ დაუშვას საქართველოს და უკრაინის ნატოში გაწევრიანება.
რადიოსადგურ ”ეხო მოსკვი”-სთვის 8 აპრილს მიცემულ ინტერვიუში , ლავროვმა განაცხადა: ”ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რათა არ დავუშვათ საქართველოს და უკრაინის შესვლა ნატოში, არ დავუშვათ ჩვენი ურთიერთობების გაუარესება ალიანსთან, მის წამყვან წევრ სახელმწიფოებთან და ჩვენ მეზობლებთან, რაც გარდაუვალი იქნება მათი [საქარველოს და უკრაინის] გაწევრიანების შემთხვევაში”.
მან ასევე განაცხადა, რომ ნატოს გაფართოება არის ”მთავარი გამღიზიანებელი და არსებობს საფრთხე, რომ ის გადაიქცევა სისტემურ პრობლემად ჩვენს ურთიერთობებში ნატოსთან, ჩვენს ურთიერთობებში ნატოს იმ წევრებთან, რომლებიც აყენებენ ამ საკითხს”.
”ეს ფაქტიურად ეწინააღმდეგება ლოგიკას ნატოს ტრანსფორმაციისა იმ ორგანიზაციად, რომელიც უზრუნველყოფს გლობალურ უსაფრთხოებას,” – განაცხადა ლავროვმა, ”ეს გაფართოება არ არის გამსჭვალული ტრანსფორმაციის სულისკვეთებით, ახალ, რეალურ საფრთხეებთან ადაპტაციის სულისკვეთებით. ეს გაფართოება გამსჭვალულია ცივი ომის ლოგიკით, ბლოკური კონფრონტაციის სულისკვეთებით, ტერიტორიების ბლოკური ათვისების სულისკვეთებით; და მე უბრალოდ არ ვიცი, რა კონკრეტული ეფექტი ექნება ამას ნატოს წევრი სახელმწიფოების და ცალკეული სახელმწიფოების უსაფრთხოების ზრდისთვის. ეფექტი იქნება საწინააღმდეგო. სანაცვლოდ, კვლავ შეიქმნება გამყოფი ხაზები ევროპაში; ჩვენ ვერ განვიხილავთ ნატოს მანქანის მოახლოებას ჩვენ საზღვრებთან სხვანაირად, თუ არა საფრთხეს ჩვენი უსაფრთხოებისადმი”.
”უკრაინის მოსახლეობის ნახევარზე მეტი, ალბათ 70% წინააღდეგია ნატოში გაწევრიანების. საქართველოში – თუ ჩვენ საქართველოზე ვსაუბრობთ – აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს გაგონებაც არ სურთ იმისა, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება და დაიწყებს მათ ძალით შეყვანას თავისი ტერიტორიული მთლიანობის ფარგლებში ნატოს ქოლგის ქვეშ,” – განაცხადა ლავროვმა.