
ადვოკატები გაიფიცნენ
ათობით ადვოკატმა, რომლებიც სისხლის სამართალში მუშაობენ, დღეიდან სამდღიანი გაფიცვა დაიწყეს.
ეს პროტესტი განაპირობა იმ ფაქტმა, რომ როგორც ადვოკატები აცხადებენ, სასამართლო გადაიქცა პროკურატურის ”დანამატად”. ამ აქციას ბიძგი მისცა ადვოკატ მალხაზ ჯანგირაშვილის შიმშილობამ. ჯანგირაშვილი, რომელიც 25 დღეზე მეტია შიმშილობს, მოითხოვს კანონმდებლობაში ისეთი ცვლილებების გატარებას, რომლითაც შესაძლებელი იქნება სასამართლოს მიერ მიღებული ”უკანონო” გადაწყვეტილებების გადასინჯვა. ჯანგირაშვილი ერთადერთი იყო ოპოზიციონერ მოშიმშილეთა შორის, რომელმაც აქცია პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან სახალხო დამცველის ოფისის ეზოში განაგრძო.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელმა კახა ასლანიშვილმა განაცხადა, რომ მისი ორგანიზაცია უერთდება გაფიცვას მიუხედავად იმისა, რომ ეს საპროტესტო აქცია მათ მიერ არ არის ორგანიზებული.
რადიო ”თავისუფლების” თბილისის ბიუროსთან საუბარში 7 აპრილს ასლანიშვილმა განაცხადა, რომ არა მხოლოდ სასამართლო გახდა პროკურატურის ნების ავტომატურად აღმსრულებელი, არამედ ადვოკატთა უფლებები შეიზღუდა პროკურორების უფლებათა გაზრდის ხარჯზე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში გატარებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად.
”თუმცა ეს ცვლილებებიც ასატანი იქნებოდა, სასამართლო რომ დამოუკიდებელი იყოს,”- განაცხადა მან, ”ამისთვის კი პოლიტიკური ნებაა საჭირო”.