skip to content
ახალი ამბები

ეუთოს მისია უარყოფს კავშირს ცხინვალის რეგიონის ინციდენტთან

ეუთოს მისიამ საქართველოში კატეგორიულად უარყო სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხდებული რეგიონის განცხადებები იმის თაობაზე, რომ მისიის დამკვირვებლები შესაძლოა კავშირში იყვნენ სამხრეთ ოსეთის მილიციის პოსტზე განხორციელებულ თავდასხმასთან, რომელიც, სავარაუდოდ, ქართულმა მხარემ განახორციელა.


”მიუღებელია, რომ დეზინფორმაცია, რომელიც პირველად სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე წარმოაჩენს ეუთოს, როგორც თანამონაწილეს იმ ქმედებაში, რომელიც, სავარაუდოდ, ქართულმა სპეცრაზმმა განახორციელა,” – ნათქვამია ეუთოს მისიის მიერ 3 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში, ”ამგვარი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუდასტურებელ ინფორმაციას ეყრდნობა, ეუთოს მისიის წარმომადგენელთა სიცოცოხლეებს პოტენციურ საფრთხეს უქმნის”.


სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი იტყობინებოდა დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინიტროზე დაყრდნობით, რომ 2 აპრილს, დაახლოებით, საღამოს 6:30 საათზე, ოთხი Hummer SUVs-ის ტიპის მანქანა მიუახლოვდა სოფელ ანძისს ქართველების მიერ დასახლებულ სოფელ ქემერთადან. ამავე ინფორმაციის თანახმად, მანქანების კოლონას თან ახლდა ეუთოს მისიის მანქანა, რომელიც მოგვიანებით გატრიალდა და ჩამოშორდა კოლონას. კომიტეტის ცნობით, შემდეგ ჰამერების კოლონა მიუახლოვდა პოლიციის პოსტს და ცეცხლი გაუხსნა. თავდამსხმელებმა მას შემდეგ დატოვეს ტერიტორია, როცა ოსმა მილიციონერებმა საპასუხო ცეცხლი გახსნეს. ამავე ინფორმაციის თანახმად, ინციდენტიდან ცოტა ხნის შემდეგ ეუთოს სამხედრო დამკვირვებელთა ფორმებში ჩაცმული პირები მივიდნენ ინციდენტის ადგილზე, თუმცა მათი ვინაობა უცნობი რჩება.


ეუთოს მისიის თქმით, მან საპროტესტო წერილი გაუგზავნა სამხრეთ ოსეთის თანათავმჯდომარეს შერეულ საკონტროლო კომისიაში, ბორის ჩოჩიევს და კორექტულობისკენ მოუწოდა.


ამასობაში, ქართული მედია იტყობინება, რომ 3 აპრილს კონფლიქტის ზონაში ნაღმის აფეთქების შედეგად ქართველი პოლიციელი დაშავდა.

მსგავსი/Related

Back to top button