ახალი ამბები

ევროკავშირი საქართველოსთან სამოქმედო გეგმაზე ანგარიშს აქვეყნებს

ევროკავშირი-საქართველოს სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში არსებული სამოქმედო გეგმის განხორციელების კუთხით გარკვეულ სფეროებში პროგრესია, თუმცა ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების გასავითარებლად, განაცხადა 3 აპრილს საქართველოში ევროკომისიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა პერ ენკლუდმა.


ეს განცხადება მან ევროკავშირი-საქართველოს 5-წლიანი სამოქმედო გეგმის განხორციელების თაობაზე პირველი შუალედური ანგარიშის პრეზენტაციისას გააკეთა.


ანგარიში მოიცავს 2006 წლის ნოემბრიდან [სამოქმედო გეგმის მიღებიდან] პერიოდს, მათ შორის ასახავს საქართველოში ნოემბერში განვითარებულ მოვლენებსა და 2008 წლის 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებს. 


ამ უკანასკნელზე ანგარიშში ნათქვამია, რომ ეს იყო ”კონკურენტუნარიანი” არჩევნები, თუმცა შეინიშნა მთელი რიგი დარღვევები: საარჩევნო კამპანიაში ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, მედიაში კანდიდატები არათანაბრად გაშუქება, ამომრჩეველთა დაშინების შემთხვევები, დარღვევები ხმის მიცემის, დათვლის და მონაცემთა შეჯამების პროცესში.


”ევროკავშირმა საქართველოს ხელისუფლების წინაშე 2008 წლის მაისის საპარლამენტო არჩევნებამდე ამ ნაკლოვანებების აღმოფხვრის აუცილებლობის საკითხი დააყენა,”- ნათქვამია ევროკომისიის საქართველოს წარმომადგენლობის პრესრელიზში.


ანგარიშში აღნიშნულია, რომ გასული წლის ნოემბერში ”სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძალის გადამეტებამ, დამოუკიდებელი სატელევიზიო არხის ”იმედის” დარბევამ და საგანგებო მდგომარეობის დაწესებამ სერიოზული შეშფოთება გამოიწვია”.


ამ კონტექსტში შენიშვნებია გამოთქმული იმასთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლება არ ითვალისწინებს სახალხო დამცველის მიერ მომზადებულ ანგარიშებს და მის საქმიანობას. ამ მოწვევის პარლამენტმა ომბუდსმენის ანგარიშს დროის არ ქონის მოტივით არ მოუსმინა. 


ევროკომისიის ანგარიშში ასევე საუბარია, რომ საქართველოში ძლიერი საპრეზიდენტო მმართველობის პირობებში ”დემოკრატიისათვის დამახასიათებელი ბალანსი სხვადასხვა ინსტიტუტს შორის არაეფექტურია” და ამ ”ხარვეზის” აღმოსაფხვრელად ”სასურველი შედეგი ჯერ არ არის მიღწეული”. ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ ”მთავრობა ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულების მკაცრ კონტროლს ახორციელებს”.


იმავდროულად, ანგარიში აღნიშნავს პროგრესს კორუფციასთან ბრძოლის, სისხლის სამართლის სექტორისა და სასამართლო სისტემის რეფორმირების, სასაზღვრო სფეროში წარმატებული თანამშრომლობის,  სახელმწიფო შემოსავლების მატების, ინვესტორთა დაცვის მექანიზმების გაძლიერების, საგადასახადო კოდექსისა და ნებართვების პროცედურების გამარტივების კუთხით.


”მთლიანობაში საქართველომ სამოქმედო გეგმის განხორციელება კარგად დაიწყო,”- ნათქვამია პრესრელიზში, ”2008 წელი წინა წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების კონსოლიდაციის წელი უნდა გახდეს”.


2007 წელს ევროკავშირმა საქართველოს სამოქმედო გეგმით შეთანხმებულ რეფორმებზე 24 მლნ ევროს ოდენობით დახმარება გამოუყო. 1992 წლიდან დღემდე ევროკავშირიდან მიღებული დახმარება, მათ შორის კონფლიქტების ზონების სარეაბილიტაციო პროექტებზე, 505 მლნ ევროს შეადგენს.

Back to top button