
საქართველოსთვის MAP-ის მინიჭება მოსალოდნელი არ არის
გუშინ გვიან ღამით გამართულ ნატო-ს ლიდერთა შეხვედრაზე ვერ მოხერხდა კონსესუსის მიღწევა საქართველოსთვის და უკრაინისთვის წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) მინიჭების შესახებ, თუმცა ბუქარესტის სამიტზე ამ საკითხზე მსჯელობა დღეს დილითაც გრძელდება.
ნატოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ 2 აპრილს, გვიან ღამით გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ განხილვის მთავარი საკითხი იყო ვადა, თუ როდის უნდა მოხდეს MAP-ის მინიჭება ამ ორი სახელმწიფოსთვის.
”საერთო განწყობა იყო ასეთი, რომ საქართველოსთვის და უკრაინისთვის MAP-ის მინიჭება იყოს განხილული დროის ჭრილში – როდის მოხდეს მინიჭება და არა იმ თვალსაზრისით მოხდეს თუ არა საერთოდ მინიჭება,” -განაცხადა აპატურაიმ.
თუმცა მან ასევე განაცხადა: ”ძალიან გამიხარდება, რომ ვცდებოდე, მაგრამ ამ დროისთვის მე არ ველი, რომ საქართველო და უკრაინა MAP-ს ბუქარესტის სამიტზე მიიღებენ.”
მან ასევე განაცხადა, რომ ალიანსში სრული კონსესუსი იყო ნატო-ს ღია კარის პრინციპთან დაკავშირებით. მისი თქმით, სრული თანხმობაა იმაზეც, რომ იმ ქვეყნებს, რომლებიც ნატოს წევრები არ არიან, არ უნდა ჰქონდეთ ალიანსის გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენის საშუალება.
”ძალიან, ძალიან ძლიერი განწყობაა იმისთან დაკავშირებით, რომ გაფართოების თაობაზე გადაწყვეტილება, ისევე როგორც MAP-ის თაობაზე გადაწყვეტილება, ეს მხოლოდ და მხოლოდ უნდა იყოს დამოკიდებული წევრ სახელმწიფოებზე და იმ ქვეყნებზე, რომლებიც მიისწრაფიან ნატო-სკენ,”- დასძინა მან.
აპატურაიმ ასევე განაცხადა, რომ ამ პრინციპებზე დაყრდნობით ალიანსის ლიდერები ამ საკითხის განხილვას 3 აპრილის დილიდან განაახლებდნენ.
გვიან ღამით გამართულ შეხვედრამდე, აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში ნატო-ს გენერალურ მდივანს შეხვდა, რის შემდეგაც კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ის მხარს უჭერდა საქართველოსთვის და უკრაინისთვის MAP-ის მინიჭებას.
”საქართველო და უკრაინა რთული საკითხია ზოგიერთი ქვეყნისთვის, მაგრამ არა ჩემთვის,” – განაცხადა ბუშმა მიანიშნა რა დასავლეთ ევროპის ზოგიერთი ქვეყნის პოზიციაზე, მათ შორის გერმანიის, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ბუქარესტში საქართველოსთვის და უკრაინისთვის MAP-ის მინიჭებას.
”მე მიმაჩნია, რომ ეს სახელმწიფოები იმსახურებენ MAP-ს. მე ეს ვთქვი უკრაინაში ვიზიტისას და მე ეს ვუთხარი საქართველოს პრეზიდენტს ვაშინგტონში. მე არ შემიცვლია აზრი, რადგან ერთ-ერთი უდიდესი რამ, რაც ნატო-ს ახასიათებს არის ის, რომ ის სტიმულს აძლევს იმ ჩვევებს, რომლებიც აუცილებელია მშვიდობისთვის,” – დასძინა აშშ-ის პრეზიდენტმა.