ახალი ამბები

გრიზლოვი მოსკოვში კოკოითს და ბაღაფშს შეხვდა

პარტია ”ერთიანი რუსეთის” თავმჯდომარე და რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს სპიკერი ბორის გრიზლოვი 18 თებერვალს მოსკოვში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ლიდერებს, სერგეი ბაღაფშსა და ედუარდ კოკოითს შეხვდა, იტყობინება ”ერთიანი რუსეთის” პრესსამსახური.


ამავე ინფორმაციის თანახმად, შეხვედრაზე, რომელიც ბაღაფშის და კოკოითის ინიციატივით გაიმართა, მხარეებმა განიხილეს კოსოვოს მიერ დამოუკიდებლობის ცალმხრივად გამოცხადების საკითხი. ”ბორის გრიზლოვმა ხაზი გაუსვა, რომ კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარება შექმნის ყველა საჭირო წინაპირობას რუსეთის ფედერაციასა და თვითგამოცხადებულ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობების ახალი ფორმატის შესაქმნელად რუსეთის ინტერესების სფეროში, განსაკუთრებით პოსტ-საბჭოთა სივრცეში,”- ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.


”ერთიანი რუსეთი” სათათბიროში უმრავლესობას წარმოადგენს. პარტია დიმიტრი მედვედევის კანდიდატურას უჭერს მხარს მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე.

Back to top button