
ბრაიზა: საქართველოს არჩევნები სხვებისთვის მაგალითი არ არის
თუ გაზაფხულზე დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იქნება და თუ საქართველოს ხელისუფლება ”განაგრძობს თავის კურსს დემოკრატიული რეფორმებისკენ, მაშინ ჩვენ ჩავთვლით, რომ საქართველო სწორედ იმ გზაზე დგას, რომ განახორციელოს საკუთარი მისწრაფებები ნატოში,” იტყობინება Associated Press აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის მეთიუ ბრაიზას სიტყვებზე დაყრდნობით.
კონგრესში, ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისიის მოსმენაზე საუბრისას ბრაიზამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების დროს დარღვევებს ჰქონდა ადგილი, მათ არჩევნების საერთო შედეგზე არ უმოქმედიათ.
თუმცა, Associated Press-ის ცნობით, მან ასევე განაცხადა: ”ეს არჩევნები არ იყო მოდელი ან მაგალითი, რომელსაც შეიძლება სხვამაც მიბაძოს”.