
რუსეთის სათათბიროს ვიცე-სპიკერი საქართველოზე საუბრობს
საქართველოს ახლად არჩეულ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს არ ჰქონდა სხვა არჩევანი გარდა იმისა, რომ გამოსულიყო რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესების ინიციატივით, რაც საკმაოდ კანონზომიერია, განაცხადა რუსეთის სათათბიროს ვიცე-სპიკერმა ოლეგ მოროზოვმა დღეს ”ინტერფაქსის” ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე.
”მას რომ იმ ფონზე, რაც ახლა საქართველოში ხდება: საპრეზიდენტო არჩევნების საკმაოდ საეჭვო შედეგების, თუმცა თქვენ იცით, რომ ჩვენ ეს შედეგები ვაღიარეთ და ხელისუფლების და ოპოზიციის საკმაოდ სერიოზული დაპირისპირების ფონზე ეთქვა, რომ სურს რუსეთთან კონფრონტაციული კურსის გაგრძელება, ის არა შორსმჭვრეტელი პოლიტიკოსი იქნებოდა,”- განაცხადა მოროზოვმა.
მისი შეფასებით, ახლა სააკაშვილი ლავირებას ცდილობს, ”ის რევერანსებს აკეთებს დასავლეთის მისამართით, ულოცავს ჯარს გადაიარაღებას [ნატოს სტანდარტებზე] და ამასთან, აცხადებს რუსეთთან სიტუაციის გამოსწორების გეგმებზე”.
თუმცა მოროზოვი ასევე აღნიშნავს, რომ საკვანძო საკითხებზე: ნატოში გაწევრიანებაზე, რუსეთთან ურთიერთობაზე და კონფლიქტურ რეგიონებზე საქართველოს ჯერ მკვეთრად ჩამოყალიბებული პოზიცია არ აქვს.
მისი თქმით, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხები დიდ წილად იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ გადაწყდება კოსოვოს პრობლემა.
”თუ ევროკავშირი წავა კოსოვოს პრობლემის გადაწყვეტაზე, შედეგების გაუაზრებლად, მაშინ ისინი მალე მიხვდებიან, რომ ასეთი შედეგები დადგება. ერთ-ერთი ასეთი შედეგი იქნება სიტუაცია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში,”- აცხადებს მოროზოვი, ”თუ დღეს ვინმე გახსნის პანდორას ყუთს, რთულია იმის წარმოდგენა, თუ რა მოხდება… [ტერიტორიული მთლიანობის] პრინციპი აღარ იქნება უნივერსალური და ყველა ქვეყანას მიეცემა შესაძლებლობა პრობლემები პოლიტიკურ ძალთა განლაგების შესაბამისად გადაწყვიტოს”.