ახალი ამბები

პოლიტიკოსები ეუთოს დამკვირვებელთა მისიის დასკვნაზე კომენტარს აკეთებენ

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა ეუთოს სადამკვირვებლო მისიის მიერ 18 იანვარს გამოქვეყნებული შუალედური დასკვნა არჩევნებზე შეაფასეს, როგორც ”უკიდურესად უარყოფითი”; მაშინ როცა ხელისუფლების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ეუთომ მიუთითა ”ტექნიკურ შეცდომებზე”, რომლებიც საპარლამენტო არჩევნებისთვის გამოსწორებადია.


სადამკვირვებლო მისიის მორიგ შუალედურ დასკვნაში, რომელიც 6 იანვრიდან 18 იანვრამდე პერიოდს მოიცავს, კრიტიკულად არის შეფასებული ხმის დათვლის, შეჯამების, საჩივრების განხილვის პროცედურები და ამ თვალსაზრისით საარჩევნო ადმინისტრაციების საქმიანობა. შუალედური მოხსენება აღნიშნავს, რომ ის წინასაარჩევნო პერიოდის დასკვნებთან  და კენჭისყრის დღესთან დაკავშირებულ შუალედურ დასკვნასთან ერთობლიობაში უნდა იქნას განხილული. ეს უკანასკნელი 6 იანვარს გამოქვეყნდა და მასში ნათქვამია, რომ 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნები, თავისი არსით, შეესაბამებოდა დემოკრატიულ არჩევნებს, მაგრამ ასევე გამოვლინდა სერიოზული გამოწვევებიც, რომელთა დაუყონებლივ მოგვარებაა საჭირო. საბოლოო დასკვნას ეუთოს სადამკვირვებლო მისია თებერვალში გამოაქვეყნებს.


”საბოლოო დასკვნა ვფიქრობთ, რომ კიდევ უფრო მწვავე იქნება,”- განუცხადა ”რუსთავი 2”-ს 19 იანვარს ახალი მემარჯვენეების ლიდერმა დავით გამყრელიძემ, ”მთავარი ის არის, რომ ვერავინ შეაფასა ეს, როგორც დემოკრატიული, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. ძალიან მწვავეა ეს შეფასება, მაგრამ უბრალოდ აქ არ არის ის, რომ მათ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიეღოთ, რომ არჩევნები არ შედგა. ამას, რა თქმა უნდა, ეუთო ვერ აიღებდა თავის თავზე”.


”ეს შეფასებებია უკიდურესად უარყოფითი,”- განაცხადა რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა დავით უსუფაშვილმა, ”[მოხსენებაში] დაფიქსირებულია ყველა ის დარღვევა, რაზეც ოპოზიცია მიუთითებდა”.


ლეიბორისტული პარტიის შეფასებით, ეუთოს სადამკვირვებლო მისიამ ამ დასკვნის გამოქვეყნებით რეკომენდაცია მისცა ხელისუფლებას არ დაუშვას მსგავსი ”გაყალბებები” საპარლამენტო არჩევნებზე, რომელიც სავარაუდოდ, მაისში ჩატარდება. 


ნინო ნაკაშიძე, დეპუტატი მმართველი პარტიიდან აცხადებს, რომ ხელისუფლებისთვის ეუთოს სადამკვირვებლო მისიის კრიტიკა გასაკვირი არ ყოფილა. ”პირიქით, ჩვენ ვთვლით, რომ ეს დაგვეხმარება იმაში, რომ შემდგომში გავაუმჯობესოთ საარჩევნო პროცესი,”- აღნიშნავს ის ”რუსთავი 2”-თან საუბარში.


დავით ბაქრაძე, სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში, რომელიც მიხეილ სააკაშვილის საარჩევნო შტაბის სპიკერი იყო, ხაზს უსვამს, რომ 18 იანვრის დასკვნა პოლიტიკურ შეფასებებს არ აკეთებს.


”ის, ბუნებრივია, იმეორებს პირველ შეფასებას, რომ არჩევნები ჩატარდა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და ის აკონკრეტებს ყველა იმ ტექნიკურ შენიშვნას, რომელიც ასახული იყო წინა დასკვნაშიც და რომელიც გამოვლინდა არჩევნების ანალიზის შედეგად. ჩვენ ამ ტექნიკურ შეცდომებზე ვმუშაობთ ჩვენი მხრივაც და ეს არის სწორედ ის, რის გამოსწორებასაც ჩვენ ვაპირებთ მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის,”- განუცხადა ბაქრაძემ ”რუსთავი 2”-ს. 

Back to top button