ახალი ამბები

ბურჯანაძემ ოპოზიციასთან განხილული რამდენიმე საკითხი დაასახელა

პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო ბურჯანაძემ რამდენიმე საკითხი ჩამოთვალა, რომლებიც მან ოპოზიციურ კოალიციასთან ბოლო დროს გამართული შეხვედრების ფარგლებში განიხილა.


17 იანვარს ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ზე გადაცემა Primetime-ში საუბრისას ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ამ მოლაპარაკებების თემა არ ყოფილა ოპოზიციისთვის სამთავრობო პოსტების შეთავაზება.


”დიალოგი მიმდინარეობდა ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე, მათ შორის, როგორც იცით, საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელზე, ასევე ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე, საგადასახადო არბიტრაჟის სისტემაზე, რომელიც სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის დავებს მოაგვარებს, სასამართლო სისტემის შემდგომ გაძლიერებაზე და პარლამენტის როლის შემდგომ გაძლიერებაზე,” – განაცხადა ბურჯანაძემ, ”ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხებია ქვეყნისთვის და ამ საკითხებზე დიალოგის ქონა არ უნდა იყოს აღქმული როგორც დათმობა ხელისუფლების მხრიდან, ან დათმობა ოპოზიციის მხრიდან”.


მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ ოპოზიციის ”რიტორიკა არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით” შეიცვლება.


ოპოზიციურმა კოალიციამ, ასევე იმ ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებიც კოალიციაში არ შედიან, განაცხადეს, რომ ისინი არ აღიარებენ მიხეილ სააკაშვილს ლეგიტიმურ პრეზიდენტად. მათი თქმით, 5 იანვრის არჩევნები გაყალბდა.


”იმედი მაქვს, ეს რიტორიკა შეიცვლება და შესაძლოა ეს მას შემდეგ მოხდეს, რაც ამ საკითხს სასამართლო გადაწყვეტს,” – განაცხადა ბურჯანაძემ.

Back to top button