ახალი ამბები

საქართველოს მიმართ ინვესტორთა ინტერესი სრულად აღდგა – გურგენიძე

საქართველოს მიმართ ინვესტორების ინტერესი სრული მოცულობით არის აღდგენილი, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ლადო გურგენიძემ 16 იანვარს მთავრობის სხდომაზე.


მან ეს განცხადება იმ შეხვედრებზე დაყრდნობით გააკეთა, რომელიც მისი ავსტრიაში ვიზიტის ფარგლებში ბიზნეს-წრეების წარმომადგენლებთან შედგა.


”ამას სჭირდებოდა სულ მცირეოდენი: სჭირდებოდა ერთი მხრივ, მათ [ინვესტორთა] მიერ განცდა იმისა, რომ რადიკალური ეკონომიკური რეფორმების კურსი გაგრძელდება და არ შენელდება, არ შეჩერდება და ბუნებრივია, მათ მიიღეს ამის გარანტია არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე და მეორე აუცილებელი პირობა ეს არის სტაბილურობა; და რა თქმა უნდა, ნაბიჯები [ოპოზიციასთან] დიალოგისაკენ, რომელიც გადაიდგა ამ ბოლო რამდენიმე დღის მანძილზე, ასევე ძალიან დადებითად მოქმედებს ამ სიტუაციაზე,”- განაცხადა გურგენიძემ.


22 ნოემბერს გურგენიძემ განაცხადა, რომ საქართველოში ინვესტიციების შემოდინება დროებით შეწყდა. მან ამ ფაქტს “საინვესტიციო პაუზა” უწოდა, რაც ნოემბრის არეულობებმა და წინასაარჩევნო პერიოდმა განაპირობა.


16 იანვარს Financial Times-თან ინტერვიუში გურგენიძემ განაცხადა, რომ პოლიტიკურმა დაძაბულობამ შეამცირა მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 11%-დან 6%-მდე 2008 წელს . მან თბილისის ელიტა, რომელმაც ოპოზიციას დაუჭირა მხარი, დაადანაშაულა ”ინფანტილურ” საქციელში პოლიტიკური მოდელების განხილვისას, როგორიცაა მონარქიის შესაძლო აღდგენა, რომლის ეკონომიკურ შედეგებზეც, მისი თქმით, არავის უფიქრია.

Back to top button