
სააკაშვილი: ეს იყო ყველაზე დემოკრატიული არჩევნები საქართველოში
მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც 13 იანვარს ხმათა 53%-ით მეორე ვადით არჩეულ პრეზიდენტად გამოცხადდა, ხაზი გაუსვა, რომ 5 იანვრის არჩევნები იყო ”ყველაზე დემოკრატიული” საქართველოში.
”დღევანდელი დღე არის ჩემთვის მნიშვნელოვანი დღე და საქართველოსთვის არის მნიშვნელოვანი დღე,”- განაცხადა სააკაშვილმა 13 იანვარს, ”ეს არის გამარჯვება, როგორც იმ პარტიებისთვის, რომელიც ჩემ მხარეს იდგა, ასევე ქართული ოპოზიციისთვის იმიტომ, რომ მე იმედი მაქვს, რომ დემოკრატიის წინსვლასთან ერთად და ეს იყო ყველაზე დემოკრატიული არჩევნები საქართველოში, საქართველოში იქნება ნაკლები მარგინალიზაცია ოპოზიციის, იქნება მეტი სოლიდურობა, მეტი პოლიტიკური დიალოგი, მეტი ურთიერთგაცვლა და ყველა ჯგუფის მეტი მონაწილეობა საქართველოს განვითარებაში”.
მან ეს განცხადება ძველით ახალი წლის დადგომამდე მოხუცებულთა თავშესაფარში სტუმრობისას გააკეთა.
”ჩვენმა ხალხმა მომცა სრულიად ნათელი მანდატი იმისათვის, რომ საქართველო გავათავისუფლო სიღარიბისგან და საქართველო გავაერთიანო,”- აღნიშნა მან ”ჩვენ ამას მივაღწევთ, ამაში ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული… საქართველოს ძალიან კარგი პერსპექტივები აქვს”.
ეს იყო მიხეილ სააკაშვილის პირველი კომენტარი მას შემდეგ, რაც ის გამარჯვებულად გამოცხადდა. თუმცა ოპოზიცია არჩევნების ოფიციალურ შედეგებს აპროტესტებს და მეორე ტურის დანიშვნას ითხოვს მიხეილ სააკაშვილსა და ლევან გაჩეჩილაძეს შორის, რომელმაც ხმათა 25% მოიპოვა. ამ მოთხოვნით 13 იანვარს თბილისში ოპოზიციის მრავალათასიანი მანიფესტაცია გაიმართა.