
პრეზიდენტობის კანდიდატები საერთაშორისო დამკვირვებლებს შეხვდნენ
ეუთოსა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დამკვირვებლებმა დღეს თბილისში, არჩევნებამდე ერთი დღით ადრე პრეზიდენტობის ექვს კანდიდატთან ცალ-ცალკე შეხვედრები გამართეს. შეხვედრა არ შედგა ბადრი პატარკაციშვილთან, რომელიც თბილისში არ იმყოფება.
შეხვედრის დასრულების შემდეგ პრეზიდენტობის ყველა კანდიდატი ერთსულოვანი იყო იმაში, რომ საარჩევნო კამპანიამ არათანაბარ პირობებში ჩაიარა. მმართველი პარტიის კანდიდატმა მიხეილ სააკაშვილმა შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა.
”საარჩევნო კანონმდებლობა არ არის ლიბერალური; დრო არის ძალიან ცოტა; მედია-საშუალებები ჩვენთვის არის აბსოლუტურად გამოუყენებელი; სარეკლამო საშუალებები არის გამოუყენებელი; ჩვენ წინააღმდეგ ყოველდღე ტელევიზიიდან მიმდინარეობს შავი PR და პასკვილები; ჩვენ ვერ ვიყენებთ სახელისუფლებო ბერკეტებს ისე, როგორც იყენებს მიხეილ სააკაშვილი; ჩვენი აქტივისტები პრაქტიკულად ყოველდღე იცემებიან და იჭირებიან იმისთვის, რომ არიან ჩვენი აქტივისტები და 5 იანვარს უკვე წინდაწინ ვიცით ეგზით პოლის შედეგები, გამარჯვების შედეგები და წინდაწინ ვიცით დღეს, რომ 5-ში ისინი გამარჯვებას ზეიმობენ. ჩვენ ვერ დავუთმობთ სააკაშვილს საქართველოს, ეს არის გამორიცხული,”-განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ, ცხრა ოპოზიციური პარტიის კანდიდატმა.
ახალი მემარჯვენეების კანდიდატის დავით გამყრელიძის განცხადებით, ხვალინდელი არჩევნები ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებთან ერთიან კონტექსტში და სააკაშვილის მმართველობის პირობებში დაფიქსირებული დემოკრატიული პრინციპებისა და ადამიანის უფლებების დარღვევების გათვალისწინებით უნდა შეფასდეს.
”ამის ფონზე შეიძლება მხოლოდ ობიექტურად განსაჯო რამდენად თანაბარ პირობებში ტარდებოდა წინასაარჩევნო კამპანია და რა შანსები გვაქვს, რომ ჩვენ ხვალ ობიექტური, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები მივიღოთ,”- აღნიშნა მან.
”სამარცხვინო კამპანია ჩაატარა ყოფილმა პრეზიდენტმა,”- განაცხადა გია მაისაშვილმა, მომავლის პარტიის ლიდერმა, რომელიც დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით იყრის კენჭს, ”არცერთ პრეზიდენტობის კანდიდატს არ მოგვეცა შესაძლებლობა და პირადად მე, ჩემი საარჩევნო პროგრამის ირგვლივ საზოგადოებასთან საუბრისა… არ ჩატარდა დებატები, ჩვენ არ გვყავს ოფიციალური წარმომადგენელი ცესკო-ში და ეგზით პოლების არის ერთ-ერთი საშუალება გაყალბებისა”.
”ეს არჩევნები სავარაუდოდ არ ჩატარდება სამართლიანად იმდენად რამდენადაც სააკაშვილს სურს, რომ პირველივე ტურში გაიმარჯვოს, ის ყველაფერს გააკეთებს ფალსიფიკაციისათვის,”- განუცხადა კანდიდატმა ირინა სარიშვილმა ჟურნალისტებს შეხვედრის დასრულების შემდეგ, ”ამდენად იყო, ჩემი აზრით, ოპოზიციის ერთიანობა ჰაერივით აუცილებელი… სამწუხაროდ ჩვენ ეს ვერ მივიღეთ”.
დღესვე პრესკონფერენციაზე საუბრისას ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, რომ ქართველი ხალხი მზადაა შეცვალოს ხელისუფლება ”მშვიდობიანი, საარჩევნო მეთოდებით”.
”ხელისუფლება უნდა შეეგუოს იმ აზრს, რომ იგი შეცვლადია და ჩაუყაროს საფუძველი ჩვენს ქვეყანაში მთავრობათა მშვიდობიან ცვლას ყოველგვარი მიტინგების, გადატრიალებების და არეულობების გარეშე და იმ მავნე პროცესების გარეშე, რითაც საქართველოში 15 წლის მანძილზე იცვლებოდა ხელისუფლება,” – განაცხადა ნათელაშვილმა.