ახალი ამბები

ცესკო ამომრჩეველთა სიების დაზუსტებას ასრულებს

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) დაასრულა 5 იანვრის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ამომრჩეველთა სიების გადამოწმება.   


”კარდაკარ შემოწმების შედეგად ამოღებულია 28 123 გარდაცვლილი ადამიანის გვარი,” – განაცხადა ლევან თარხნიშვილმა 25 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე, ”დამატებული იყო 65 491 ადამიანი, რომელიც ან გამორჩენილი იყო სიიდან, ან ამ პერიოდში აიღო პირადობის მოწმობა. გარდა ამისა, გაკეთდა 49 100 ცვლილება, ანუ შესწორდა სახელი, გვარი, ან სხვა ჩანაწერი”.


ცესკო-ს ცნობით, რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3  372 836-ს შეადგენს. ეს სია ცესკო-მ ე.წ. ”კარდაკარ” შემოწმების მეთოდით და ასევე იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის მიერ მიწოდებული მონაცემების და ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მონაცემების საფუძველზე შეადგინა. ეს უკანასკნელი აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან დევნილთა რეგისტრაციას კურირებს.


თუმცა, ოპოზიცია ამ მაჩვენებელს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს და მათ 2004 წლის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებს ადარებს, როცა 2,2 მლნ ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული, ხოლო 2006 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ამომრჩეველთა რაოდენობა 3,2 მლნ-ს აღწევდა.

Back to top button