
ბურჯანაძე: საფრთხე თავიდან აცილებული არ არის
საქართველოს ძალიან სერიოზული საფრთხის წინაშე დგას და მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ეს საფრთხე ბოლომდე თავიდან აცილებული არ არის, ”პანიკის საფუძველი საქართველოს მოსახლეობას ნამდვილად არ აქვს”, განაცხადა 24 დეკემბერს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო ბურჯანაძემ მოსახლეობისადმი თავის სატელევიზიო მიმართვაში.
ეს განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ პრეზიდენტობის კანდიდატის ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, დეპუტატი ვალერი გელბახიანი ეჭვმიტანილია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად შეთქმულების მომზადებაში.
”ჩვენ ხელთ არსებული მასალა გვაძლევს სერიოზულ საფუძველს განვაცხადოთ, რომ არსებობს ძალიან სერიოზული საფრთხე ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული. ეს საფრთხე არსებობდა და ჯერ კიდევ არსებობს,”- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ, ”მაგრამ ერთმნიშვნელოვნად მინდა განვაცხადო, რომ საქართველოს ხელისუფლება არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს რომ ვინმემ, ვინც არ უნდა იყოს ის, ქართველს ხალხს, საქართველოს მოსახლეობას მოპაროს თავისუფალი არჩევანის უფლება”.
მისი თქმით, ”ნებისმიერი ის პოლიტიკური ძალა”, რომელიც ეცდება საკუთარი მიზნების მიღწევას ქართული სახელმწიფოს ინტერესების საწინააღმდეგოდ, ”კანონის ადეკვატური ზომებით იქნება დასჯილი”.
მან ასევე გაუსვა ხაზი, რომ საგანგებოდ შეხვდა ოპოზიციურ სპექტრს და საქმის ვითარება გააცნო. ”მე მიმაჩნია ძალზედ მნიშვნელოვნად, რომ საქართველოში არსებულმა ყველა პოლიტიკურმა ძალამ დააფიქსიროს დღევანდელ მოვლენებთან დაკავშირებით თავისი დამოკიდებულება,”- აღნიშნა მან.
”არავის ვურჩევ აკრძალული მეთოდებით მოქმედებას,”- განაცხადა ბურჯანაძემ, ”ყველას, ვინც ეცდება საფრთხე შეუქმნას საქართველოს სახელმწიფოს, საქართველოს სახელმწიფოს უსაფრთხოებასა და სტაბილურობას, საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოებას, ადეკვატური და კანონით გათვალისწინებული პასუხი მიეგება”.
მოქმედმა პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ სამართალდამცავი ორგანოები ”ძალიან მძიმე ფაქტებთან დაკავშირებით, რომელიც დღეს გახმოვანდა”, წარმართავენ ”ობიექტურ და ძალიან მაღალკვალიფიციურ გამოძიებას”.
”მიუხედავად იმისა, რომ ჯერ საფრთხე არჩევნების ჩაშლასთან დაკავშირებით ან არჩევნების შემდეგ დღეებში დესტაბილიზაციის გამოწვევასთან დაკავშირებით ბოლომდე თავიდან აცილებული არ არის, პანიკის საფუძველი საქართველოს მოსახლეობას ნამდვილად არ აქვს, თუმცა სიფრთხილე ნამდვილად საჭიროა,”- აღნიშნა ბურჯანაძემ.
იმავდროულად, პრეზიდენტობის კანდიდატმა მიხეილ სააკაშვილმა განუცხადა 24 დეკემბერს ჟურნალისტებს: ”მოვუწოდებ ყველას სიმშვიდისკენ და მოვუწოდებ ერთიანობისკენ. ჩვენ აუცილებლად მივიყვანთ ჩვენს ბრძოლას ბოლომდე”.
გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ 17 დეკემბერს აღიძრა საქმე საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად შეთქმულების მომზადების ფაქტზე, მას შემდეგ რაც შსს-ს სპეციალურ ოპერატიული დეპარტამენტის (სოდ) დირექტორმა ერეკლე კოდუამ აცნობა, რომ მის მოსყიდვას და გადაბირებას შეეცადნენ ყოფილი მოსამართლე მარინა გაბუნია და დეპუტატი ვალერი გელბახიანი.
მოგვიანებით, 24 დეკემბერს ”რუსთავი 2”-თან ინტერვიუში კოდუამ განაცხადა, რომ ლონდონში გამართულ შეხვედრაზე ბადრი პატარკაციშვილმა 100 მლნ აშშ დოლარი შესთავაზა შეთქმულებაში მონაწილეობის სანაცვლოდ.
კოდუასთან თანამშრომლობის შედეგად, გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ სამართალდამცავებმა შეძლეს მასსა და გელბახიანს შორის შემდგარი ორი შეხვედრის ვიდეო-ჩანაწერის გაკეთება, რომლის დროსაც გელბახიანი აცნობს შსს-ს მაღალჩინოსანს არჩევნების ჩაშლისა და მასობრივი არეულობის ინსპირირების გეგმებს.
ფარულ ვიდეო-ჩანაწერში, რომელიც ქართულმა ტელეკომპანიებმა გააშუქეს, გელბახიანი ეუბნება კოდუას, რომ არეულობის დროს მან უნდა დააპატიმროს შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი. შემდეგ კოდუა ეკითხება, რომ რა აძლევს იმის იმედს, რომ 6 იანვარს ხალხი გამოვა ქუჩაში. გელბახიანი პასუხობს: ”ჩვენ დავხარჯავთ ბევრ ფულს იმისთვის, რომ თბილისში და საქართველოს მთელ ქალაქებში ერთად გამოვიყვანოთ ბევრი ხალხი”. დეპუტატი ასევე აცხადებს, რომ 80 ათასს აქტივისტს უხდიან ანაზღაურებას, რათა 200 ათასი ადამიანი მაინც გამოიყვანონ ქუჩაში.
გელბახიანი ასევე აცხადებს, რომ არჩევნების შედეგები იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, რამდენადაც მის გაყალბებაზე ილუზიის შექმნა, რაც აუცილებელია არეულობის გამოწვევისათვის. ”დავდგამთ ძალიან სერიოზულ სპექტაკლს და როცა უკვე ქვეყანაში არის უმართავი პროცესები, მაშინ უნდა ძალაუფლებას ხელში აღება,”- დასძენს იგი.
გელბახიანი ასევე ხაზს უსვამს კავშირს პრეზიდენტობის კანდიდატის ლევან ”გაჩეჩილაძის ბანაკთან” – ცხრა ოპოზიციური პარტიის კოალიციასთან.
კოდუასთან მეორე შეხვედრა 21 დეკემბერს შედგა მას შემდეგ, რაც გელბახიანი ბადრი პატარკაციშვილთან საზღვარგარეთ გამართული კონსულტაციების შემდეგ თბილისში ჩამოვიდა.
გელბახიანმა დაადასტურა კუდუასთან შეხვედრის ფაქტი, თუმცა აღნიშნა, რომ ჩანაწერი დამონტაჟებულია. მან ”რუსთავი 2”-ს სატელეფონო საუბარში განუცხადა, რომ მისი მიზანი იყო შსს-ში მოკავშირის გამონახვა, რათა თავიდან აეცილებინა არჩევნების შემდგომი შესაძლო საპროტესტო აქციების დარბევა.
ოპოზიციურმა კოალიციამ დაუყოვნებლივ უარყო კავშირი გადატრიალების შესაძლო გეგმებთან.
რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ კოალიციას აქვს ურთიერთობა როგორც პატარკაციშვილთან, ისე პრეზიდენტობის სხვა კანდიდატებთან. თუმცა, მისი თქმით, ეს ურთიერთობები ძირითადად საარჩევნო ტაქტიკას შეეხება, რასაც არაფერი აქვს საერთო ”იმასთან, რაც დღეს ვიხილეთ”.
”ჩვენ მხოლოდ 5 იანვრისთვის ვემზადებით. ამიტომ ნებისმიერი მცდელობა, რომ გადატანილ იქნას საზოგადოებრივი ყურადღება რაღაც სხვა საკითხებზე, უშედეგო იქნება,” – განაცხადა დეპუტატმა კახა კუკავამ კონსერვატორებიდან.
მრეწველთა პარტიის ლიდერმა ზურაბ ტყემალაძემ განაცხადა, რომ ეს საკითხი ”ძალიან სერიოზულია”, რომელსაც სამართლიანი გამოძიება სჭირდება, თუმცა მან იქვე დასძინა: ”რთულია იმის გაგება, ვინ რა თამაშს თამაშობს”.
ლეიბორისტული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა შალვა ნათელაშვილმა ვიდეო-მასალის გამოქვეყნება შეაფასა, როგორც ხელისუფლების მხრიდან პატარკაციშვილის დევნა. ”არანაირი გადამტრიალებელი ვალერი გელბახიანი არ არის,”- განაცხადა მან.