
სეპარატისტები გალში საარჩევნო კამპანიას ეწინააღმდეგებიან
სოხუმი გამოხატავს თავის უარყოფით დამოკიდებულებას გალის რაიონის მოსახლეობის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ ხელს უშლის პრეზიდენტობის კანდიდატის მიხეილ სააკაშვილის სააგიტაციო მასალის გავრცელებას.
გალის რაიონში სააკაშვილის მხარდამჭერი პლაკატები აქტივისტებმა 12 დეკემბერს გააკრეს, თუმცა გალის აფხაზური ადმინისტრაციის თანამშრომლებმა ისინი ჩამოხსნეს, იუწყება აფხაზეთის ლიდერის ვებ-გვერდი რუსლან ქიშმარიას ინფორმაციაზე დაყრდნობით. ქიშმარია აფხაზეთის ლიდერის წარმომადგენელია გალის რაიონში.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება გალის რაიონის მოსახლეობას რეგიონში დესტაბილიზაციის მიზნით იყენებს.
იმავდროულად, ოფიციალური თბილისი აცხადებს, რომ თუ საარჩევნო აქტიურობის გამო აფხაზური მხარე გალის მოსახლეობის წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებებს გაატარებს, ისინი ”ადეკვატურ” პასუხს მიიღებენ.
”გალის რაიონი ისეთივე ნაწილია საქართველოსი, როგორც საქართველოს ნებისმიერი კუთხე და მე ნამდვილად არავის არ ვურჩევ, რომ განსაკუთრებული ან თუნდაც არა განსაკუთრებული ეგზეკუციური ზომების ჩატარება სცადონ ამ რეგიონში იმიტომ, რომ ამას აბსოლუტურად ადეკვატური რეაგირება ექნება საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან და ჩვენც ნებისმიერ უკანონო ქმედებას ძალიან ხმამაღლა გამოვეხმაურებით”, – განაცხადა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო ბურჯანაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.