ახალი ამბები

ხელისუფლებამ ”იმედის” გახსნაზე პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო

საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ თხოვნით მიმართა გენერალურ პროკურატურას განიხილოს შესაძლებლობა ტელეკომპანია ”იმედისთვის” ყადაღის მოხსნის თაობაზე, მიუხედავად იმისა, რომ ”ამ საკითხზე მოლაპარაკებები ჯერ არ დასრულებულა და ტელეკომპანია კვლავ რჩება პრეზიდენტობის კანდიდატის ბადრი პატარკაციშვილის მფლობელობაში”.


”ორ დღეში, ოთხშაბათს, მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა პროცედურა პროკურატურისა და სასამართლოს მხრიდან იქნება დასრულებული და ”იმედის” შესაბამის პერსონალს მიეცემა შესაძლებლობა შევიდეს შენობაში მოსამზადებელი სამუშაოების შესასრულებლად, რათა ”იმედმა”  მაქსიმალურად სწრაფად განაახლოს მაუწყებლობა,”- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.


”მიუხედავად იმისა, რომ ყადაღასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება მიღებულ იქნა კანონის ყველა მოთხოვნის დაცვით, რაც დადასტურებულია სასამართლოს მიერ, მე ვთხოვ გენპროკურატურას გაითვალისწინოს წინასაარჩევნო პერიოდი, ასევე ის გარემოება, რომ არსებობს შეთანხმება საქართველოს ხელისუფლებასა და საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის და მიმდინარეობს მოლაპარაკებები News. Corp.-თან, ამოწურულად ჩაითვალოს ის საფრთხე, რომლის საფუძველზეც ყადაღა აქვს დადებული იმედის ქონებას და მიმართოს სასამართლოს ტელეკომპანიისათვის ყადაღის მოხსნასთან დაკავშირებით შუამდგომლობით”, – განაცხადა მოქმედმა პრეზიდენტმა.


თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია ”იმედს” სამაუწყებლო ლიცენზია იმ მოტივით შეუწყვიტა, რომ ტელეკომპანია 7 ნოემბრის არეულობის გაშუქებისას ხელისუფლების ჩამოგდების პროპაგანდას ეწეოდა.  სასამართლომ ყადაღის რეჟიმში მოაქცია ასევე ტელეკომპანიის ქონებაც.


 


 



 


 


 

Back to top button