
ხელისუფლება ანტიინფლაციურ პოლიტიკას ამკაცრებს
წლიური ინფლაცია 10%-ს აღემატება და არ არსებობს რაიმე ეკონომიკური საფუძველი, რომ ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს ეროვნულ ბანკსა და მთავრობას შორის კოორდინირებული ანტიინფლაციური პოლიტიკის პირობებში.
ამის შესახებ დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ამაღლობელმა და ფინანსთა მინისტრმა ნიკა გილაურმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.
”მონეტარული და ფისკალური პოლიტიკის შეთანხმებული განხორციელებით, შესაძლებელი იქნება ინფლაციური წნეხის მოკლე ხანში შერბილება, ისე რომ, 2008 წლის განმავლობაში ფასების ზრდის წლიური დონე 8%-ის ფარგლებში მოექცეს,”- განაცხადა დავით ამაღლობელმა.
მისი თქმით, საპროცენტო განაკვეთების გაზრდის მეშვეობით ”მკაცრი მონეტარული პოლიტიკა” გატარდება.
ინფლაციის ზრდის მიზეზებად ოფიციალური პირები გარე ფაქტორებს – საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობსა და ძირითად სასურსათო სასაქონლო პროდუქციაზე ფასების ზრდას – და მოსახლეობაში ინფლაციური პროცესების მოლოდინს ასახელებენ.
”ინფლაციის მოლოდინი შეიძლება თვითონ გახდეს მომავალში ინფლაციის გამომწვევი მიზეზი,”- აცხადებს ამაღლობელი, ”ინფლაციის მერყეობამ და ცალკეულ პროდუქტზე ფასების ზრდამ არ უნდა შეიყვანოს მოსახლეობა შეცდომაში, რადგან არ არსებობს მცირედი ეკონომიკური საფუძველიც კი, რომ ინფლაციის მაჩვენებელი არსებულზე მეტად გაიზარდოს”.
თუმცა ეკონომიკურ საკითხებში ზოგიერთი ექსპერტი მიიჩნევს, რომ წინასაარჩევნო პერიოდისთვის დამახასიათებელი ზედმეტი ფულადი მასის მიმოქცევაში გაშვების და ასევე ბიუჯეტში სოციალური დანახარჯების, მათ შორის ხელფასებისა და პენსიების დაგეგმილი ზრდის გამო ინფლაციური პროცესების გაღრმავება გარდაუვალი იქნება.