
სსფ: ინფლაციის მაჩვენებელი 11%-ს აღემატება
ოქტომბრის ბოლოს წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 11.2% იყო, რაც იმის მაუწყებელია, რომ ”2007 წლის დასასრულისთვის ინფლაციის ერთნიშნა მაჩვენებლის შენარჩუნება რთული იქნება,” განაცხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ 13 ნოემბერს.
”მაშინ როდესაც, საქართველოში ინფლაციურ პროცესებზე გავლენა იქონია ცალკეული საქონლის (მათ შორის, საწვავი და საკვები პროდუქტები) მსოფლიო ფასის მატებამ, არანაკლები როლი ითამაშა ფულის მასის სწრაფმა ზრდამ,” – აცხადებს სსფ მისია, რომელიც 1-9 ნოემბერს საქართველოს სტუმრობდა.
საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის ცნობით, წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა 2007 წლის სექტემბრის ბოლოს 9% შეადგინა.
სსფ-მ ასევე განაცხადა, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდა, რომელიც წლის ბოლოს სავარაუდოდ 12-13% იქნება, ”კვლავ შთამბეჭდავია, თუ გავითვალისწინებთ რუსეთის ემბარგოსთან დაკავშირებულ ეკონომიკურ შოკებსა და ენერგომატარებლებსა და საკვებზე გაზრდილ ფასებს”.
მისიის განცხადებით, კერძო კაპიტალის შემოდინება საქართველოში 2007 წელს 2 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს, ”თუმცა, ბოლო ხანს განვითარებული პოლიტიკური მოვლენების ფონზე ძნელია ცალსახად განისაზღვროს 2007 წლის დარჩენილი ნაწილის და 2008 წლის განმავლობაში მისაღები თანხების ზუსტი ოდენობა”.
სსფ-ს მისიამ მოუწოდა საქართველოს, რომ მნიშვნელოვანია მეტი ძალისხმევის მიმართვა ლიკვიდურობისა და, შესაბამისად, მონეტარული აგრეგატების ზრდის გასაკონტროლებლად. სსფ-ს მისიამ რეკომენდაციით მიმართა საქართველოს მთავრობას, რომ მან მიზნად დაისახოს 2008 წლისთვის ინფლაციის ერთნიშნა მაჩვენებლის შენარჩუნება.