ახალი ამბები

სადამკვირვებლო ორგანიზაციები სამართლიანი არჩევნებისთვის 10 წინაპირობას აყენებენ

იმისთვის, რომ 5 იანვრის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები სამართლიანად ჩატარდეს სულ ცოტა ათი პირობა, მათ შორის საგანგებო მდგომარეობის დაყოვნებლივ გაუქმება და მედიის თავისუფლების აღდგენა უნდა დაკმაყოფილდეს, აცხადებენ არჩევნებზე დამკვირვებელი არასამთავრობო ორგანიზაციები. 


13 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია), საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED), შემდეგი ათი წინაპირობაა მოყვანილი:


1. საგანგებო მდგომარეობის დაუყოვნებლივ გაუქმება;
2. მედიის თავისუფლების აღდგენა და გარანტირება;
3. შეკრების თავისუფლების აღდგენა და გარანტირება;
4. არჩევნებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ბაზის დაზუსტება
შეძლებისდაგვარად სწრაფად ყველა საარჩევნო სუბიექტს შორის
კონსენსუსის საფუძველზე და შესაბამისი ადგილობრივი თუ
საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობით;
5. არჩევნების ადმინისტრირება ყველა დონეზე მიუკერძოებლად და
პროფესიონალურად;
6. ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების გამორიცხვა რომელიმე
კანდიდატის ან პლებისციტში რომელიმე შესაძლო ვარიანტის
მხარდასაჭერად;
7. ყველა ღონისძიების გატარება ამომრჩეველთა სიების მაქსიმალურად
დასახვეწად, რაც გულისხმობს სიების შეძლებისდაგვარად სწრაფად
გამოქვეყნებას, რათა ამომრჩევლებმა შეძლონ საკუთარი თავის
გადამოწმება და სიებში საჭირო ცვლილებების შეტანა;
8. ყველა ამომრჩევლის უზრუნველყოფა დროული და ადეკვატური
ინფორმაციით, საარჩევნო უბნების ზუსტი მისამართების ჩათვლით,
რათა მათ შეძლონ ხმის მიცემის უფლების განხორციელება.
განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა ეროვნულ უმცირესობათა
უფლებებისთვის;
9. ყველა საარჩევნო სუბიექტის მიერ საკუთარი საარჩევნო ფონდის
გამჭვირვალობის უზრუნველყოფა. აღნიშნული მოიცავს ინფორმაციის
მიწოდებას, როგორც საარჩევნო ადმინისტრაციისთვის, ისე
საზოგადოებისთვის;
10. საარჩევნო უბნის ოქმების გამოკვრა ყველა საარჩევნო უბანზე ხმების
დათვლის პროცედურის დასრულებისთანავე. ცესკო-ს მიერ არჩევნების
შედეგების უბნების მიხედვით გამოქვეყნება არჩევნების დამთავრებიდან
48 საათის განმავლობაში.

Back to top button