skip to content
ახალი ამბები

კრემლის მთავარი იდეოლოგი თანამდებობიდან დაითხოვეს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 23 ოქტომბერს მისი ადმინისტრაციის რეგიონალური და კულტურული ურთიერთობების სამმართველოს უფროსი მოდესტ კოლეროვი თანამდებობიდან გაათავისუფლა, წერს გაზეთი ”კომერსანტი”.


კოლეროვი ცნობილი იყო როგორც რუსეთის მთავარი იდეოლოგი დსთ-ს ქვეყნებთან ურთიერთობებში. მის ძირითად ფუნქციებში შედიოდა ”ფერადი რევოლუციების” აღკვეთა, მას შემდეგ რაც მშვიდობიანი საპროტესტო აქციების შედეგად უკრაინასა და საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა. ადრე კოლეროვი რუსულ საინფორმაციო სააგენტო ”რეგნუმს” ხელმძღვანელობდა.


გაზეთი ”კომერსანტი” წერს პუტინის ადმინისტრაციის უცნობ წყაროზე დაყრდნობით, რომ კრემლი უკმაყოფილო იყო კოლეროვის ”უკიდურესი რადიკალიზმით” მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობებში, რამაც შედეგი არ გამოიღო. ”მან აქტიური საქმიანობა წამოიწყო პოსტ-საბჭოთა სახელმწიფოებში, კერძოდ საქართველოში, დნესტრისპირეთში და ესტონეთში, თუმცა ამან ვერ შეუწყო ხელი [მათი] ურთიერთობების გაუმჯობესებას რუსეთთან,”  – წერს ”კომერსანტი” იმავე წყაროზე დაყრდნობით.   



 

This post is also available in: English Русский

Back to top button