
ქიტოშვილი აღიარებს წილების გადაფორმების საქმეში მონაწილეობას
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი ქიტოშვილი, რომელიც სამართალდამცავებმა დღეს გამოძალვის ბრალდებით დააკავეს, აღიარებს, რომ მართლაც მონაწილეობდა ”ჯეოსელის” აქციების გადაფორმების პროცესში.
გამოძიება აცხადებს, რომ გასული წლის ოქტომბერში დიმიტრი ქიტოშვილმა, კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის რანგში, ”ჯეოსელის” აქციონერი ჯემალ სვანიძე აიძულა მინიმალურ ფასად 250 ათას დოლარად დაეთმო კომპანია ”არტის” წარმომადგენლისათვის გურამ გოგუასთვის კომპანიის 2,6%-იანი წილი, რომლის რეალური ღირებულება 10 მლნ აშშ დოლარს აღწევდა.
”ვიცოდი, რომ წინააღმდეგები არ იქნებოდნენ წილების გაყიდვის,”- აცხადებს ქიტოშვილი ტელევიზიით გავრცელებულ დაკითხვის ვიდეო-ჩანაწერში, ”ხელი შევუწყე, რომ ჯემალ სვანიძესთან დაკავშირებული წილები შეეძინა გურამ გოგუას… მე ვმონაწილეობდი ფასზე მოლაპარაკებებში”.
მოწმის სახით დაკითხული ჯემალ სვანიძის განცხადებით, რომლის ვიდეო ჩანაწერიც ასევე გავრცელდა, მას ქიტოშვილმა განუცხადა, რომ მმართველი პარტიის ”ნაციონალური მოძრაობის” ხელმძღვანელობის დავალებით მიმართავდა წილის გადაფორმების თხოვნით.
”მან განმიცხადა, რომ პარტიის ხელმძღვანელობის დავალებით მოქმედებდა და აქციები მიდის პარტიის საჭიროებებზე,”- განაცხადა სვანიძემ, თუმცა აღნიშნა, რომ ქიტოშვილს კონკრეტული პარტიული ლიდერი არ დაუსახელებია.
დიმიტრი ქიტოშვილს სასამართლო აღმკვეთი ღონისძიების სახით, სავარაუდოდ, დღესვე მიუსჯის ორთვიან წინასწარ პატიმრობას.