
’უსაფრთხო სკოლა’
საქართველოს სკოლებში უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით მიმდინარე სასწავლო წლიდან ახალი პროგრამა – ”უსაფრთხო სკოლა” იწყებს მოქმედებას, რომლის უმთავრესი ინოვაცია სკოლებში ე.წ სპიკერ-პოლიციელის ინსტიტუტის შემოღებაა.
პროგრამა განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ შეიმუშავა და მისი ძირითადი მიზანია სკოლებში დისციპლინის დამყარების, სწორი ღირებულებების დანერგვისა და ანტიკრიმინალური კამპანიის წარმოების გზით მოახდინოს არასრულწლოვანთა შორის დანაშაულის გახშირებული ფაქტების პრევენცია.
მოზარდებში კრიმინალური შემთხვევები, მათ შორის მკვლელობებისა და სხეულის განზრახ დაზიანების ფაქტები, ბოლო ერთი წლის განმავლობაში მედიის ყურადღების ობიექტი არაერთხელ გამხდარა.
არასრულწლოვანთა დანაშაულის ზრდის ტენდენციაზე სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებიც მეტყველებს. 2006 წელს არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი 997 დანაშაული დაფიქსირდა, რაც 242 შემთხვევით აღემატება 2005 წლის ანალოგიურ მონაცემს. დანაშაულთა სახეობებს შორის 2006 წელს პირადი ქონების დატაცების ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, შემდეგ მოდის ხულიგნობა, ნარკომანიასთან დაკავშირებული დანაშაული და განზრახ მკვლელობა.
მოზარდებში დანაშაულის ზრდის მიზეზი, სამინისტროს ვარაუდით, ისეთი ყალბი ფასეულობების პოპულარობაა, როგორიცაა ე.წ. ”ძველბიჭობა”, ”ქუჩის აკადემია”, ”ბირჟაობა”, ასევე ალკოჰოლის და ნარკოტიკების მოხმარების სურვილი.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ლომაიას განცხადებით, კრიმინალი დღევანდელი სკოლის გამოწვევა გახდა, რაც ზომების სასწრაფოდ მიღებას საჭიროებს.
ოპოზიციური პარტიების ნაწილი კი მიიჩნევს, რომ განათლების უწყება არასწორი მიმართულებით მიდის, როცა სკოლებში ”პოლიციური რეჟიმს” ამკვიდრებს, პედაგოგიური მიდგომების უგულებელყოფის ხარჯზე. თუმცა სამინისტრო ამ კრიტიკას არ იზიარებს.
სპიკერ-პოლიციელის ინსტიტუტი
სკოლისა და პოლიციის თანამშრომლობა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი პროექტია და მოზარდებში კანონმორჩილების ჩვევების ადრეულ ეტაპზე გამომუშავებას ისახავს მიზნად.
”ამან გარკვეული სკეპტიციზმი გააჩინა საზოგადოებაში, თუმცა მინდა დაგარწმუნოთ, პოლიციელები სკოლაში ძალის დემონსტრირებისათვის არ შედიან, მათ უფრო აღმზრდელობითი ფუნქციები დაეკისრებათ,”- განუცხადა Civil.ge-ს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტი ხელმძღვანელმა ბერიკა შუკაკიძემ.
მისი თქმით შსს გამოყოფს სკოლებისათვის ორ სპიკერ-პოლიციელს, რომელთაგან ერთი ქალი და ერთიც მამაკაცი იქნება. სპეციალურ ტრეინინგების გავლის შემდეგ მათი უმთავრესი მოვალეობა მოსწავლეებთან პერიოდული საგანმანათლებლო-აღმზრდელობითი სემინარების ჩატარება იქნება.
”ეს შეიძლება შეეხოს სკოლაში არსებულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ კონკრეტულ პრობლემებს, მაგალითად ისეთებს როგორიცაა ცივი იარაღის ტარება, საგზაო მოძრაობის წესების დაცვის აუცილებლობა, ნარკოტიკების მოხმარება, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება და ა.შ.,”- აცხადებს ბერიკა შუკაკიძე.
სპიკერ-პოლიციელის პროგრამის პილოტირება საქართველოს დიდ ქალაქებში განთავსებულ 40 სკოლაში განხორციელდება.
გარდა ამისა, პოლიცილები სასწავლო დროის განმავლობაში მოსწავლეებს მეთვალყურეობას გაუწევენ და დროდადრო მოაწყობენ მათ მოულოდნელ შემოწმებებს.
ფსიქოლოგების ნაწილი მიიჩნევს, რომ მოზარდების მიმართ უფრო ფრთხილი მიდგომაა საჭირო, თუმცა აღიარებს, რომ არსებული პრობლემიდან გამომდინარე გარკვეული ჩარევა აუცილებელია.
ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ რა შედეგს გამოიღებს პოლიციის კომპონენტის სკოლებში შეტანა.
”ეს მას შემდეგ გამოიკვეთება, რაც პროგრამა დროში გამოიცდება და პრაქტიკული შედეგების მიხედვით დაიხვეწება,”- აცხადებს შუკაკიძე.
მანამდე კი განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო დროებით უარს ამბობს ”ძნელად აღსაზრდელი” ბავშვებისათვის ე.წ ალტერნატიული სკოლების შექმნაზე, თუმცა ეს საკითხი დღის წესრიგიდან საბოლოოდ მოხსნილი ჯერ არ არის.
ალტერნატიული სკოლების შექმნის მიზანშეწონილობა იმ კვლევის საფუძველზე დადგინდება, რომელსაც სამინისტრო საჯარო სკოლებში ძალადობის ფორმების, მათი სიხშირისა და შესაძლო მიზეზების გამოვლენის მიზნით ჩაატარებს პროგრამა ”უსაფრთხო სკოლის” ფარგლებში. კვლევის შედეგები ნოემბერში გახდება ცნობილი.
’მოსწავლეთა დოსიეები’
”უსაფრთხო სკოლა” ასევე ითვალისწინებს საჯარო სკოლების მოსწავლეებზე ე.წ დოსიეების მონაცემთა ბაზის შექმნას, სადაც თავს მოიყრის ინფორმაცია მათი ყოფა-ქცევის, გადაცდომების და ასევე მიღწევების შესახებ.
მონაცემთა ბაზები თავდაპირველად იმ 592 სკოლაში შეიქმნება, სადაც კომპიუტერიზაციის პროცესი უკვე დასრულებულია.
მოსწავლეთა პირადი საქმეები საჯარო არ იქნება. მათზე ხელი მშობლებს, დირექტორს და ფსიქოლოგს მიუწვდება.
”ეს მოგვცემს მოზარდებზე დინამიკაში დაკვირვების საშუალებას, რათა პრობლემის გაჩენის შემთხვევაში დროულად მოხდეს რეაგირება,”- განუცხადა Civil.ge-ს ბერიკა შუკაკიძემ.
მოსწავლეთა ქცევის კოდექსი
2007-2008 სასწავლო წლის კიდევ ერთი სიახლე მოსწავლეთა ქცევის კოდექსის ამოქმედებაა, რომელიც გარკვეულ აკრძალვებს და სადამსჯელო ღონისძიებებს ითვალისწინებს. კოდექსი პროგრამა ”უსაფრთხო სკოლის” ერთ-ერთი მიმართულებაა.
ქცევის კოდექსი ასახავს მოსწავლეთა ვალდებულებებს, აკრძალული ნივთების ნუსხას (ცივი და ცეცხლსასროლი იარაღი; ასაფეთქებელი ნივთიერებები; ნარკოტიკული საშუალებები; თამბაქოს ნაწარმი; მობილური ტელეფონი და სხვა), დისციპლინური გადაცდომების სახეებს (ძალადობა; ქურდობა; იარაღისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების ქონა; ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის მოხმარება/ვაჭრობა და სხვა), მოსწავლეთა ჩაცმის წესს და ა.შ.
მოსწავლეთა ქცევის კოდექსის დარღვევის ცალკეულ შემთხვევებზე გათვალისწინებულია სხვადასხვა სახის სასჯელები, მათ შორის საყვედური, სკოლისათვის სასარგებლო იძულებითი სამუშაოს შესრულება, გაკვეთილიდან გაძევება, ზარალის ანაზღაურების დაკისრება და სკოლიდან გარიცხვა.
ცალკეა გამოყოფილი დარღვევათა სახეობები, რომლებიც ე.წ ნულოვანი ტოლერანტობის კატეგორიას განეკუთვნება. ასეთებია: მკვლელობა ან მკვლელობის მცდელობა; ცივი იარაღის ტარება; ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება/შენახვა.