
ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე საქართველოში ვიზიტზე საუბრობს
ხუთშაბათს, ვენაში ეუთოს მუდმივი საბჭოს სხდომა საქართველოში 6 აგვისტოს მომხდარი ინციდენტის შესახებ იმსჯელებს და შესაბამის დასკვნას გამოიტანს, განაცხადა თბილისში ვიზიტად მყოფმა ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ, ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიგელ ანხელ მორატინოსმა.
მისი თქმით, საბჭოს მოხსენებას საქართველოზე განხორციელებულ საჰაერო თავდასხმის შესახებ მისი სპეციალური წარმომადგენელი, ხორვატიის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი მიომირ ზუზული წარუდგენს, რომელმაც ინციდენტის დეტალების შესწავლის მიზნით 20-21 აგვისტოს ჯერ თბილისში, 24 აგვისტოს კი მოსკოვში გამართა შეხვედრები.
”მე თბილისში შეხვედრების დროს გამოვხატე სურვილი, რომ საქართველოს მხარემ მოგვაწოდოს მოსაზრებები და ინიციატივები ამ ინციდენტთან დაკავშირებით, რათა ეს იქნას წარმოდგენილი 6 სექტემბერს ეუთოს მუდმივი კომისიის სხდომაზე,” – განაცხადა მორატინოსმა დღეს თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისი განცხადებით, ინციდენტის თაობაზე ვენაში ობიექტური მოხსენება გაკეთდება, სადაც ”იქნება მოცემული ყველა მონაწილის მოსაზრება როგორც საქართველოდან, ისე მოსკოვიდან… მე დარწმუნებული ვარ, რომ ორივე მხარე მოიწონებს ჩვენს რეკომენდაციებს”.
ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის განცხადებით, ეუთო გააძლიერებს ძალისხმევას ქართულ-რუსული ურთიერთობების გაუმჯობესებისათვის.
”ეუთო გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ სიტუაცია დარეგულირდეს, რა თქმა უნდა, თავის მანდატის ფარგლებში… რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება ეს არის ძალზე მნიშვნელოვანი საკითხი, მაგრამ იმავდროულად არ უნდა დავივიწყოთ ის, რომ სიტუაცია საქართველოს საზღვრებზე უნდა იყოს სტაბილური,”- განაცხადა ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ.
მორატინოსმა 6 აგვისტოს ინციდენტის თაობაზე მოსკოვში გამართულ შეხვედრებზეც ისაუბრა და დასძინა, რომ რუსეთს სურს საქართველოსთან კარგი ურთიერთობების დამყარება.
”მე მოსკოვში მქონდა ამაზე საუბარი. იქ საკმაოდ ნათლად და მკაფიოდ აღნიშნეს ის ფაქტი, რომ მათ უნდათ ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდეთ საქართველოსთან, რომ აღმოფხვრილი იყოს ყველა ის გაუგებრობა, რაც შეიძლება ორ ქვეყანას შორის არსებობდეს,”- განაცხადა მორატინოსმა.
მან ასევე ისაუბრა საქართველოში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის აუცილებლობაზე.
ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ ასევე არ გამორიცხა სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში ეუთოს დამკვირვებელთა რაოდენობის გაზრდის შესაძლებლობა, თუმცა დასძინა, რომ ამ გადაწყვეტილებას წევრი ქვეყნების თანხმობა დასჭირდება.
”ჩვენ მზად ვართ გავაფართოვოთ ჩვენი ზედამხედველობის მისია იმ შემთხვევაში, თუ დავინახავთ კონფლიქტის რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერების პერსპექტივას,” – განაცხადა მორატინოსმა.
ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს და საქართველოს ხელმძღვანელობას შორის გამართულ შეხვედრებზე განიხილეს ასევე საქართველო-ესპანეთს შორის თანამშრომლობისა და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების საკითხები, მათ შორის ენერგეტიკისა და ტურიზმის სფეროებში.
ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თბილისში ვიზიტის შედეგად 2007 წლის ბოლოსთვის დაიგეგმა ბიზნეს-ფორუმი, რომელიც სავარაუდოდ ესპანეთში გაიმართება. ასევე წლის ბოლომდე გაიხსნება ესპანეთის საელჩო საქართველოში.
”ამ ვიზიტს აქვს უდიდესი მნიშვნელობა ჩვენი ორმხრივი ურთიერთობისთვის და ჩვენი მომავლისთვის,”- აღნიშნა მორატინოსმა.