
პრეზიდენტი ოპონენტებს სამთავრობო პროგრამასთან დამოკიდებულების გამო აკრიტიკებს
პრეზიდენტმა სააკაშვილმა გააკრიტიკა ოპონენტები ოპოზიციური პარტიებიდან იმის გამო, რომ მათ დაიწუნეს განახლებული მთავრობის პროგრამა და მას ”სადღეგრძელოებისა და სურვილების კრებული” უწოდეს.
”ამ დღეებში შევიდა მთავრობის ახალი პროგრამა პარლამენტში დასამტკიცებლად და ზოგიერთმა პოლიტიკოსმა, როგორც ჩანს, ცხოვრების წესიდან გამომდინარე მაშინვე გაიხსენა სადღეგრძელო… ძალიან სამწუხაროა, რომ ამ დონეზე მიდის პოლიტიკური გარჩევები,”- განაცხადა პრეზიდენტმა მარნეულში ახალი სოფლის მეურნეობის გადამამუშავებელი საწარმოს გახსნისას.
”თუ 100 სოფლის მეურნეობის საწარმო, 200 სოფლის გზა, 100 ახალი საავადმყოფო – ძალიან თანამედროვე, ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლება, ასევე ის რომ ყველა სკოლა საქართველოში იქნება როგორც გერმანიაში და ჰოლანდიაში, ის რომ საქართველოში სოციალური დაცვის ბევრად უკეთესი გარანტიები შეიქმნება – თუ ყველაფერი ეს მხოლოდ სადღეგრძელოებად ეჩვენებათ, მაშინ ისე აუხდეს ყველას თავის სადღეგრძელოები, როგორც აქამდე ჩვენ ყველა ჩვენი საპროგრამო დებულება შევასრულეთ, გადაჭარბებით შევასრულეთ და კიდევ უფრო მეტად შევასრულებთ მომავალში,”- განაცხადა პრეზიდენტმა.
”არის ხალხი, რომლის ფუნქციაა ლაზღანდარობა და არის ხალხი, რომლის ფუნქციაა აი ასეთი რაღაცეების გახსნა. და ეს აღარ არის ფანტაზიები და სადღეგრძელოები, ეს არის კონკრეტული,”- მიუთითა მან ახალ საწარმოზე.
პრეზიდენტის ამ განცხადებებთან თითქმის პარალელურ რეჟიმში განცხადება გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ, რომელმაც ოპოზიციონერი დეპუტატების მსგავსად გააკრიტიკა სამთავრობო პროგრამა.
”ეს არის განზრახულობათა დეკლარაცია და მე მოხარული ვიქნები, თუ მთავრობა მეტი სერიოზულობით მიუდგება პარლამენტთან დამოკიდებულებას და წარმოადგენს უფრო სერიოზულ პროგრამას”, – განაცხადა ბურჯანაძემ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე.