skip to content
ახალი ამბები

პრეზიდენტი ეროვნულ უმცირესობათა ინტეგრაციის გეგმებზე საუბრობს

პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოში მცხოვრები ეროვნულ უმცირესობათა ჯგუფების ახალგაზრდა წარმომადგენლებისათვის საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში სწავლისათვის ”გადაულახავ” დაბრკოლებად არ უნდა იქცეს ქართული ენის სუსტად ცოდნა.


უახლოეს ხანებში ხელისუფლება გეგმავს ახალქალაქიდან და ქვემო ქართლიდან, სადაც კომპაქტურად სახლობენ, შესაბამისად, სომეხი და აზერბაიჯანელი საქართველოს მოქალაქეები, ას-ასი აბიტურიენტის ჩამოყვანას და სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების მოსამზადებელ ფაკულტეტებზე ჩარიცხვას. 


”ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მოქალაქეები სასწავლებლად მიდიოდნენ არა სხვა ქვეყნებში, არამედ მოდიოდნენ საქართველოს დედაქალაქში და სხვა ქალაქებში… ამისთვის არის მოსამზადებელი ფაკულტეტები, ტექნოლოგიები და ამ ხალხის ინტეგრაციის უამრავი სხვა საშუალება,”- განაცხადა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიხეილ სააკაშვილმა.


მისი თქმით, ეროვნულ უმცირესობებში ქართულის სუსტი ცოდნა ”არ არის მათი ბრალი”, არამედ ”კავშირშია იმასთან, რომ ჩვენ [ხელისუფლება] არ ვიყავით კარგად ორგანიზებული”.


”მინდა პირდაპირ გავუსვა ხაზი, რომ ეს არავითარ კავშირში არ არის მათთან[უმცირესობებთან], რადგან ისინი იხვეწებიან, რომ ვასწავლოთ ენა,”- დასძინა პრეზიდენტმა.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button