skip to content
ახალი ამბები

ოპოზიცია შსს-ს მაღალჩინოსნის ”უკანონო საქმიანობის” გამოძიებას ითხოვს

ოპოზიციონერმა კანონმდებლებმა 24 მაისს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (სოდის) უფროსის ირაკლი კოდუას  საქმიანობის შესწავლა მოითხოვეს.


სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა 22 მაისს ირაკლი კოდუას სამსახურებრივი უფლებამოსილების დროებითი შეჩერება მოითხოვა, რადგანაც, მისი თქმით, კოდუა სამი უდანაშაულო პირის დაპატიმრებაში, წამებასა და ”პირადი შურისძიების” მიზნით მტკიცებულებების გაყალბებაში მონაწილეობდა.


24 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე დეპუტატმა ფიქრია ჩხეიძემ ახალი მემარჯვენეებიდან განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნების მიერ მათი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტების გაგრძელება არის პოლიციის თანამშრომელთა დაუსჯელობის შედეგი.  


ოპოზიციონერმა დეპუტატმა კოკა გუნცაძემ  იმავე პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პოლიციის მაღალჩინოსნების მიერ მათუ უფლებამოსილების ბოროტად გამოყნება არის შსს-ში დიდი ძალაუფლების კონცენტრირების შედეგი.


”მოვითხოვთ უშიშროების სამსახურის გამოყოფას შინაგან საქმეთა სამინისტროსგან, და ასევე მუნიციპალური პოლიციის ჩამოყალიბებას,” – განაცხადა გუნცაძემ.


სახალხო დამცველის სოზარ სუბარის განცხადებით, ირაკლი კოდუამ ”პირადი შურისძიების” მოტივით გასცა ბრძანება ლაშა ხორგუანის და მისი ორი თანმხლები პირის დაპატიმრების თაობაზე.


თუმცა, 24 მაისს ”რუსთავი 2”-თან და  ”იმედთან’ სატელეფონო საუბრისას ხორგუანმა განაცხადა, რომ სახალხო დამცველის განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება. მისი თქმით, ის კანონიერად დააკავეს და საპროცესო გარიგების შედეგად გაათავისუფლეს.


”ის, რაც სუბარმა თქვა, მართალი არ არის,” – განაცხადა ხორგუანმა.


22 მაისს გაკეთებულ განცხადებაში სუბარმა აღნიშნა, რომ ხორგუანი სამართალდამცავებმა დააშინეს, რომ არ გაემხილა სიმართლე. მან გამოძიების დაწყების თხოვნით გენერალურ პროკურატურას მიმართა.

გენერალური პროკურატურა ოფიციალურად იტყობინება, რომ სახალხო დამცველის განცხადებაზე რეაგირების მიზნით 24 მაისს დაიწყო გამოძიება სოდის სამეგრელო-ზემო სვანეთისა და იმერეთის სამხარეო სამმართველოების თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე. პროკურატურის განცხადებით, სამი თვის წინ სწორედ მათ ჩაატარეს სპეცოპერაცია ხორგუანისა და მისი მეგობრების მიმართ.


დეპუტატები მმართველი პარტიიდან მიესალმნენ სოდის საქმიანობას და მას შინაგან საქმეთა სამინისტროს ”ყველაზე ეფექტური” სტრუქტურა უწოდეს.


”თუმცა, თუ ეს განცხადებები [სოდის უფროსის წინააღმდეგ] დადასტურდება, ჩვენ შესაბამის ზომებს მივიღებთ პარლამენტში,” – განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა 24 მაისს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button