skip to content
ახალი ამბები

შარაძის მკვლელობაში ეჭვმიტანილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ 21 მაისს გურამ შარაძის მკვლელობაში ეჭვმიტანილ გიორგი ბარათელს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა.


67 წლის გურამ შარაძე, წინა ორი მოწვევის პარლამენტარი და საზოგადო მოღვაწე, 20 მაისს საღამოს ქუჩაში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.


29 წლის გიორგი ბარათელი, რომელიც პირადად იცნობდა შარაძეს, პოლიციამ ინციდენტიდან ცოტა ხნის შემდეგ დაიჭირა.


სამართალდამცავების განცხადებით, ეჭვმიტანილმა, რომელიც დაპატიმრების დროს მსუბუქად დაშავდა, აღიარა დანაშაული, თუმცა გამომძიებლებს მკვლელობის შესაძლო მოტივების შესახებ რაიმე განცხადება ჯერ არ გაუკეთებიათ.


თუმცა გურამ შარაძის შვილის რუსუდან შარაძის განცხადებით, ეს არის ”მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მკვლელობა”.


”დანარჩენი ყველაფერი არის სიცრუე, მოჭორილი, აბსურდი,”- განაცხადა მან ოჯახის სახელით ჟურნალისტებთან გაკეთებულ პირველ კომეტარში 22 მაისს.


რუსუდან შარაძემ ასევე დასძინა, რომ ოჯახი უარს ამბობს გამოძიების და სასამართლო პროცესებში მონაწილეობაზე. ”დაე ეს სასამართლო პროცესი იყოს ყველაზე სამარცხვინო, რაც კი არსებულა ქართული სასამართლოს ისტორიაში,”- განაცხადა მან.  


ოპოზიციონერი დეპუტატების უმეტესობამ ფრთხილი განცხადებები გააკეთა მკვლეობის თაობაზე და ხელისუფლებას ინციდენტის დაუყონებლივ გამოძიებისკენ მოუწოდა.


თუმცა, სხვა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა, რომლებიც პარლამენტის წევრები არ არიან, უფრო რადიკალურად დაადანაშაულეს ხელისუფლება მკვლელობასთან კავშირში.


”მიუხედავად იმისა, თუ რას იტყვიან გამომძიებლები, მკვლელობა პოლიტიკურად მოტივირებულია,” – განაცხადა ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა 21 მაისს.


პოლიტიკური პარტია ”იმედის” ლიდერმა ირინა სარიშვილმა განაცხადა, რომ შარაძის მკვლელობა მიზნად ისახავდა ხელისუფლების ოპონენტების დაშინებას.


თუმცა, კანონმდებლებმა ნაციონალური მოძრაობიდან უარყვეს ეს განცხადებები და მათ ”აბსურდული” უწოდეს.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button