skip to content
ახალი ამბები

წამყვანი უკრაინული ბანკი ქართულ ბაზარზე შემოდის

უკრაინის საბანკო სივრცის ლიდერი ბანკი “PrivatBank” საქართველოში შემოვიდა მას შემდეგ, რაც  ქართული “ტაო-ბანკის” აქციათა საკონტროლო პაკეტი – 75%  – 25 მლნ აშშ დოლარად შეიძინა.


პრეზენტაცია დღეს თბილისში გაიმართა, რომელსაც ქართული მსხვილი ბიზნესისა და ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.


”ამიერიდან ქართული ”ტაო ბანკი” უკრაინის უმსხვილესი და უმდიდრესი საბანკო ჯგუფის შემადგენელი ნაწილი ხდება და უახლოეს ხანებში ქართული კომერციული ბანკების ლიდერების ნუსხაში დამკვიდრებას გეგმავს,”- ნათქვამია ”ტაო ბანკის” მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში.     


ბანკის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის ალექსანდრე დუბილეტის  განცხადებით,  “PrivatBank” დიდი მოცულობის ინვესტიციების განხორცილებას გეგმავს. 2008 წლისათვის 200-მდე ბანკომატისა და 100 ფილიალის გახსნაა ნავარაუდევი.


”რაც უფრო მეტი ინვესტიცია შემოვა საბანკო სექტორში ეს უფრო გააიაფებს ფულს და ხელმისწვდომს გახდის ბანკების ფულს ჩვენი მოსახლეობისათვის,”- განუცხადა ჟურნალისტებს ეკონომიკის მინისტრმა გიორგი არველაძემ, რომელიც ასევე ესწრებოდა პრეზენტაციას.


15 წლის წინ დაარსებული ”PrivatBank” აქტივები აპრილის მდგომარეობით 8 მილიარდ დოლარს აჭარბებს და მისი მომსახურებით უკრაინის მოსახლეობის თითქმის მეოთხედი – 23% სარგებლობს. აქვს ფილიალი კვიპროსზე, ასევე შვილობილი ბანკები რუსეთსა და ლატვიაში. 
 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button