
სანაკოევი კოკოითთან შეხვედრის სურვილს გამოთქვამს
ე.წ სამხრეთ ოსეთის ალტერნატიულმა პრეზიდენტმა დიმიტრი სანაკოევმა 3 მაისს დე ფაქტო პრეზიდენტთან ედუარდ კოკოითთან შეხვედრის და მოლაპარაკების სურვილი გამოთქვა. ამის შესახებ სანაკოევმა მმართველი პარტიის დეპუტაციასთან ქურთას რეზიდენციაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
”ჩვენც დიდი სიამოვნებით შევხვდებოდით მათ [დე ფაქტო ხელისუფლებას], დავილაპარაკებდით, განვიხილავდით საკითხებს, რომელიც გვინდა რომ მოვაგვაროთ ერთხელ და სამუდამოდ ჩვენი ხალხის მომავლისთვის,”- განაცხადა დიმიტრი სანაკოევმა.
მან და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მაია ნადირაძემ ”პოზიტიურად” შეაფასეს დღევანდელი შეხვედრა, სადაც ძირითადი აქცენტი დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის და მისი ადმინისტრაციის შექმნის საკითხებზე გაკეთდა. ამ ინიციატივის ფარგლებში შეხვედრაზე ცხინვალის რეგიონში ჩასულ პარლამენტარებს ედუარდ კოკოითმა უარი უთხრა.
”[კოკოითთან] შეხვედრის იდეა ისევ და ისევ ძალაში რჩება და მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ მზად ვართ, რომ ასეთი შეხვედრები შედგეს.. უფრო მეტიც ასეთი შეხვედრები შეიძლება იყოს სანაკოევს და კოკოითს შორისაც,”- განაცხადა ნადირაძემ ერთობლივ ბრიფინგზე.
”თუ მას [ედუარდ კოკოითს] მართლა აინტერესებს ხალხის ბედი, ის, რა თქმა უნდა, ასეთ შეხვედრებზე უნდა დათანხმდეს… მესმის, ძალიან ძნელია ასეთი გადაწყვეტილებების მიღება, მაგრამ ამის გარეშე ის ნამდვილად ვერ მოიგებს და მე ვფიქრობ, რომ ქართველი და ოსი ხალხი ამ ინიციატივით, რომელიც ახლა წამოვიწყეთ, აუცილებლად იქნება მოგებული,”- დასძინა მან.
დიმიტრი სანაკოევის განცხადებით, დღევანდელი შეხვედრის დროს ძირითად საკითხებზე ერთიანი მიდგომები გამოიკვეთა.
”ვფიქრობთ, რომ ის არჩევნები, რომელიც აქ გაიმართა მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, აღმასრულებელი ორგანოები უნდა შენარჩუნდეს და ასევე უნდა გამოვიდეთ იმ პოზიციიდან, რასაც გვთავაზობს საქართველოს ხელისუფლება, რომელსაც აქვს კონსტიტუცია, კანონები, რომელთა აღსრულებაც აუცილებელია. ჩვენ ისეთ შედეგამდე მივალთ, რომ ეს ყველას აკმაყოფილებდეს,”- განაცხადა დიმიტრი სანაკოევმა.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა თავის მხრივ ხაზი გაუსვა, რომ თბილისი ხელოვნურ გართულებებს მოერიდება რეგიონის სახელწოდების ან მსგავსი საკითხების ირგვლივ და იქნება ”ძალიან ლოიალური”.
”ეს ინიციატივა ისეა დაწერილი, რომ გვაძლევს ძალიან სერიოზული ლავირების საშუალებას…გადაწყვეტილების მიღება ასეთი შეხვედრების შემდეგ გაუადვილდება პრეზიდენტს [მიხეილ სააკაშვილს], თუ როგორ და რანაირად უნდა განხორციელდეს დროებითი ადმინისტრაცია,”- განაცხადა ნადირაძემ.
სანაკოევთან შეხვედრები მმართველის პარტიის გარდა ასევე გამართეს პარლამენტის ოპოზიციურმა ძალებმა ”მრეწველებმა” და ”ახალმა მემარჯვენეებმა”. ეს შეხვედრებიც დროებითი ადმინისტრაციის შესახებ პრეზიდენტის ახალი ინიციატივის ფარგლებში შედგა.