skip to content
ახალი ამბები

უმრავლესობის წევრები სანაკოევთან შეხვედრას გეგმავენ

საპარლამენტო უმრავლეობის წარმომადგენლები 3 მაისს ცხინვალის რეგიონში გაემგზავრებიან, სადაც სამხრეთ ოსეთის ალტერნატიულ პრეზიდენტს დიმიტრი სანაკოევს შეხვდებიან და სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციული ერთეულის შექმნის შესახებ პრეზიდენტის ინიციატივას განიხილავენ.


თუმცა, დღეს გამართულ პრესკონფერნციაზე უმრავლესობის წევრებმა იმედი გამოთქვეს, რომ ისინი დე ფაქტო პრეზიდნეტთან ედუარდ კოკოითთანაც გამართავენ მოლაპარაკებებს.


”ვფიქრობ, რომ ეს ჩვენი გადაწყვეტილება მიმართულია იმისკენ, რომ ნამდვილად არ გვაქვს განსაკუთრებული სიმპატიები ვინმეს მიმართ, ჩვენ უბრალოდ გვინდა, რომ ის საზოგადოება, რომელიც ცხოვრობს ამ ტერიტორიაზე, რომელიც იზოლირებული და დეზინფორმირებულია, იყოს სწორად ინფორმირებული, მიიღოს მონაწილეობა ყველა იმ პროცესში, რომელიც დღეს საქართველოში მიდის,” – განაცხადა პრესკონფერენციაზე მაია ნადირაძემ.


”მიუხედავად ჩვენი სიმპათია -ანტიპათიისა, ჩვენ მზად ვართ დიალოგი ვაწარმოოთ ნებისმიერ ადამიანთან, ვისაც შეუძლია რეგიონში დაგვეხმაროს სიტუაციის განმუხტვაში და კონფლიქტის მშვიდობიან გადაწყვეტაში. ეს არის ჩვენი, უმრავლესობის, ძალიან მყარი პოზიცია,” – განაცხადა უმრავლესობის წევრმა დავით ბაქრაძემ.


აპრილში სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონას ”ახალი მემარჯვენეების” და ”მრეწველების” ლიდერებიც ესტუმრნენ და დიმიტრი სანაკოევთან გამართეს მოლაპარაკებები. მათ კოკოითთან შეხვედრაზე უარი უთხრეს.


 



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button