skip to content
ახალი ამბები

ზვიად გამსახურდია მთაწმინდის პანთეონში დაიკრძალება

საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია, რომლის ნეშტი დღეს გამთენისას ჩამოასვენეს რუსეთიდან თბილისში, მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაიკრძალება კვირას, 1 აპრილს.  

”ზვიად გამსახურდია დაიკრძალოს მთაწმინდაზე იმ მონაკვეთში, სადაც დაკრძალულია ილია ჭავჭავაძე, იაკობ ნიკოლაძე და ვასილ ბარნოვი”, – განუცხადა ჟურნალისტებს დღეს მანანა-არჩვაძე გამსახურდიამ, რომელიც მისი მეუღლის სამების საკათედრო ტაძარში დაკრძალვას ითხოვდა მანამდე.


რუსეთში, ქალაქ როსტოვში ჩატარებულმა ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ მარტის დასაწყისში გროზნოში აღმოჩენილი ნეშტი ნამდვილად ზვიად გამსახურდიას ეკუთვნის, თუმცა ამ დრომდე უცნობია ექსპერტიზის პასუხი პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების მიზეზთან დაკავშირებით.


როგორც ჩანს, გამსახურდიას ოჯახი არ დათანხმდება სიკვდილის მიზეზების დასადგენად თბილისში ხელახალი ექსპერტიზის ჩატარებას, რასაც მოითხოვს გამსახურდიას უფროსი ვაჟი კონსტანტინე გამსახურდია.


”რაც შეეხება ექსპერტიზას, იგი ერთხელ უკვე ჩატარებულია როსტოვში. როსტოვის ლაბორატორიას აქვს საერთაშორისო სერტიფიკატი. შეუძლია ბოლოს და ბოლოს აქაურ ორგანოებს გამოითხოვოს ჩეჩნეთის ორგანოებიდან [ექსპერტიზის შედეგები]… რა წერია [დასკვნაში], მაგას გაეცნობით თავის დროზე… ასე, რომ ექსპერტიზას აღარ საჭიროებს”, – განუცხადა დღეს ჟურნალისტებს ზვიად გამსახურდიას შვილმა ცოტნე გამსახურდიამ.


მან რუსეთის ტელეკომპანიების მეშვეობით გუშინ მადლობა გადაუხადა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს მამის საფლავის აღმოჩენასა და ნეშტის იდენტიფიკაციაში გაწეული სამსახურისთვის. მთელ ამ პროცესს რუსეთში ცოტნე გამსახურდია თავად ადევნებდა თვალს.


ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების ორი სავარაუდო ვერსია არსებობს: ერთი ის, რომ იგი მოკლეს და მეორე, რომ თითქოს თავი მოიკლა.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button