skip to content
ახალი ამბები

სააკაშვილი: დაპირებები შესრულდა

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 30 დეკემბერს მთავრობის წევრებს განუცხადა, რომ 2006 წლის დასაწყისში ამომრჩევლებისთვის მიცემული დაპირებები შესრულდა.


მთავრობის სხდომაზე, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცა, სააკაშვილმა იმ პროექტების ნუსხა წარადგინა, რომელთა განხორციელებაც, მისი თქმით, მთავრობამ 2006 წლის დასაწყისში დაგეგმა.  


შემდეგ მან დაიწყო 2006 წლის ამოცანების ჩამოთვლა და შავი მარკერით მონიშნა ის პროქტები, რომლებიც უკვე შესრულდა, ხოლო წითელი მარკერით  – განხორციელების პროცესში მყოფი პროექტები. 


გარე განათების სისტემები თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში; პატრიოტული ბანაკები; თბილისის და დასავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი ახალი ავტომაგისტრალის მშენებლობა; თბილისის მეტროპოლიტენის სადგურების რეაბილიტაცია; უფასო სასადილოები სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის; გაზრდილი პენსიები; 140 ხელოვნურსაფარიანი მოედანი; 300 გარემონტებული სკოლა; თბილისის და ბათუმის ახალი აეროპორტების მშენებლობის დაწყება; წარმატებული რთველი; გადამზადების პროგრამები, რომელთა საშუალებითაც, როგორც სააკაშვილმა განაცხადა, 10 000-ზე მეტმა ადამიანმა სამუშაო იპოვა; ციტრუსის გადამამუშავებელი ქარხნების მშენებლობა; “60-მდე ახალი სასტუმროს“ მშენებლობის დაწყება; ათობით ახალი და გარემონტებული საავადმყოფო – პრეზიდენტმა ეს პროექტები შესრულებული დაპირებების სადემონსტრაციოდ ჩამოთვალა.     


“ჩვენ არ ვართ მთავრობა, რომელიც მხოლოდ დაპირებებს იძლევა. ჩვენ მორიგ შესრულებებზე ვსაუბრობთ… მომავალ წელს კალენდრების კეთებას აზრი არ ექნება, ვინაიდან ვერცერთი კალენდარი ვერ დაიტევს იმ გეგმებს, რომელიც მომავალი წლისთვის არსებობს“,- განაცხადა მან.


სააკაშვილმა განაცხადა, რომ იგი მთავრობის მუშაობით კმაყოფილია.


პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად რუსეთის ემბარგოსი, საქართველოს ეკონომიკა “[2006] წელს 10%-ით გაიზარდა და მინდა, რომ ყველამ იცოდეს ეს“.


საერთაშორისო სავალუტო ფონდმა დეკემბერში განაცხადა, რომ მიუხედავად რუსეთის საექსპორტო ბაზრების დაკარგვასთან დაკავშირებული გარე შოკებისა, საქართველოს ეკონომიკა კვლავ სტაბილურია და მშპ-ის ზრდამ 2006 წელს შესაძლოა 8% შეადგინოს.


“ეს გადამწყვეტი წელია ჩვენი ქვენისათვის… ჩვენმა პარტნიორებმა რუსეთიდან ემბარგო იმისათვის შემოიღეს, რომ ჩვენი ეკონომიკისათვის სერიოზული ზიანი მიეყენებინათ, მაგრამ მთავარ მიზანს – დაენგრიათ საქართველოს ეკონომიკა, ვერ მიაღწიეს“, – განაცხადა სააკაშვილმა. 



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button