skip to content
ახალი ამბები

პარლამენტში ბიუჯეტის პროექტის შესწორებული ვარიანტი შევიდა

პარლამენტს უკვე წარედგინა 2007 წლის ბიუჯეტის პროექტის შესწორებული ვარიანტი, რომელშიც მთავრობამ რუსული გაზის გაძვირების გამო ტარიფის მოსალოდნელი ზრდის ფონზე  კორექტივები შეიტანა. ბიუჯეტს პარლამენტი 29 დეკემბერს დაამტკიცებს.


ბიუჯეტის საბოლოო პროექტში ძირითადი სიახლეა ენერგეტიკის სამინისტროს დაფინანსების 106 მლნ ლარით გაზრდა, რადგან სამინისტროს გაზგამანაწილებელ კომპანიებზე კრედიტის მიცემა მოუწევს იმისთვის, რომ გაზზე სამომხმარებლო ტარიფი 1 იანვრიდან არ გაიზარდოს.


ასევე თავდაცვის სფეროს დაფინანსება ბიუჯეტის პირვანდელ პროექტთან შედარებით (392,5 მლნ ლარი),  513,2 მლნ ლარამდე იზრდება. 


საბოლოოდ, 2007 წლის ბიუჯეტის პროექტში შემოსავლები 3,7 მლრდ ლარით, ხარჯები  – 4,0 მლრდ ლარით, დეფიციტის დაფინანსების წყაროები კი 365,5 მლნ ლარით განისაზღვრა.


საგადასახადო შემოსავლების სახით გათვალისწინებულია 2,9 მლრდ ლარი, არასაგადასახადო შემოსავლებზე – 285 მლნ ლარი, გრანტების სახით  – 249 მლნ ლარი, ხოლო პრივატიზაციიდან შემოსავლების სახით 200 მლნ ლარი (100 მლნ–ით მეტი ბიუჯეტის თავდაპირველ პროექტთან შედარებით).


ბიუჯეტის პროექტის თანახმად, მომავალ წელს მთლიანი შიდა პროდუქტი 7,5 %–ით გაიზრდება და მთლიანობაში 16 მილიარდ ლარს შეადგენს.  ინფლაციის დონე კი 6%–ით არის განსაზღვრული.

ქვეყნის მთავარი საბიუჯეტო პრიორიტეტები ეკონომიკის სტაბილური განვითარება და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება იქნება.


მომავალი წლის საბიუჯეტო ხარჯები სფეროების მიხედვით ასე გადანაწილდება:


შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო– 916  მლნ ლარი (2006 წელს–  752 მლნ ლარი), თავდაცვის სამინისტრო – 513,2 მლნ ლარი; ფინანსთა სამინისტრო  – 765, 6 მლნ ლარი; ეკონომიკის განვითარების სამინისტრო – 419,5 მლნ ლარი; ენერგეტიკის სამინისტრო  – 217,2 მლნ ლარი; იუსტიციის სამინისტრო – 117 მლნ ლარი; საგარეო საქმეთა სამინისტრო – 49, 8 მლნ ლარი; შინაგან საქმეთა სამინისტრო – 297, 7 მლნ ლარი (აქედან სასაზღვრო პოლიციისთვის 46 მლნ ლარი); განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო – 389,3 მლნ ლარი; კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო –65,3 მლნ ლარი; ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო – 44,1 მლნ ლარი; სოფლის მეურნეობის სამინისტრო – 47,9 მლნ ლარი; გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო – 34,9 მლნ ლარი;  კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი – 503 ათასი ლარი;   ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი – 968 ათასი ლარი;   რეფორმების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი – 440 ათასი ლარი; სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი – 200 ათასი ლარი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button