skip to content
ახალი ამბები

ნოღაიდელი რუსეთის ვმო–ში გაწევრიანებაზე თბილისის პოზიციას აკონკრეტებს

საქართველოს პრემიერ–მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის განცხადებით, საქართველო ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში (ვმო) რუსეთის გაწევრიანებაზე თანხმობის სანაცვლოდ დამატებით მოთხოვნებს არ დააყენებს, თუმცა “კატეგორიულად“ მოითხოვს რუსეთმა შეასრულოს  როკის გვირაბსა და ადლერი-ლესელიძის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე ქართული საბაჟო კონტროლის აღდგენის თაობაზე თბილისის მოთხოვნა.


“ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოზიცია რუსეთთან ამ საკითხზე. 2004 წელს ჩვენ გვქონდა მოლაპარაკებები და მოვილაპარაკეთ, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას და რუსეთი შესაბამისად საქართველოსთან საგარეო ვაჭრობას აწარმოებს ლეგალური სასაზღვრო გამშვები პუნქტების მეშვეობით. ჩვენ არამარტო ვრჩებით ამ მოთხოვნის ერთგული, არამედ მოვითხოვთ რუსეთმა შეასრულოს თავისი დანაპირები და შეთანხმება, რომელიც ჩვენს შორის მოხდა. ჩვენ რაღაც დამატებით მოთხოვნას აღარ ვაყენებთ, თუმცა ამის შემდეგ ძალიან ბევრი რამ შეიცვალა“, – განუცხადა ბრიუსელში მყოფმა ზურაბ ნოღაიდელმა ჟურნალისტებს.


როგორც მოსალოდნელია აშშ–სა და რუსეთის პრეზიდენტები, რომელთა შეხვედრაც ვიეტნამში 18 ნოემბერს იგეგმება, ხელს მოაწერენ შეთანხმებას, რომლითაც აშშ მხარს დაუჭერს რუსეთის ვმო–ში გაწევრიანებას.


რუსეთის გაწევრიანების მოწინააღმდეგეთა რიგებიდან აშშ–ს გამოთიშვის შედეგად მხოლოდ საქართველო, მოლდოვა და კოსტა–რიკა იქნებიან რუსეთის ვმო–ში შესვლის წინააღმდეგნი, სადაც ახალი წევრების მიღების შესახებ გადაწყვეტილება კონსენსუსით მიიღება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button